“შეწყვიტეთ ძალადობა, დაისაჯონ მოძალადეები, მოგვეცით არჩევანის უფლება, არა, რუსეთს! გონს მოდით, ჯერ არ არის გვიან….“- მედეა ზირაქიშვილი

1 week ago 4

ცნობილი ექიმი, მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე ძალოვნების ქმედებების შესახებ:

“რობოკოპებით შენარჩუნებული რეჟიმი!

როგორი კონტრასტია ნიღბებს ამოფარებული ძალოვნების ქცევებს, „შემართებას“ , „გამბედაობასა“ და იმავე, მხოლოდ ნიღაბჩამოგლეჯილი ძალოვნების ქმედებებს შორის… კამერებს რომ ემალებიან და ჟურნალისტებს გაურბიან, დედების და ცოლების ზურგებს ამოფარებულნი…

მაინტერესებს, ნუთუ ჰგონიათ არასდროს დასრულდება ამ ძალოვანი რეჟიმის პარპაში?

და რას აპირებენ? გაქრებიან? აორთქლდებიან, თუ????

– ჯალათების ძალადობის კადრები, რომლებიც ვრცელდება, უბრალოდ ვერ უძლებს კრიტიკას…

– უმოწყალო ცემის ადგილად გადაქცეული სამარშრუტო ტაქსები,

– შვილების დაჭერებისგან დამცავი ,მუხლებზე დამხობილი, მავედრებელი დედების ველად ქცეული თბილისის ქუჩები, ცალკე განხილვის თემაა…

– ვინ მოგცათ უფლება ჩვენი, თავისუფალი სიტყვების მღაღადებელი შვილების ცემის, შეურაცხყოფის, დამცირების, დაჭერის???….

– მათ სხვა მომავლისთვის ვზრდიდით წლების მანძილზე და დიახ, არ უნდათ იქცნენ რეტროგრადული, ჩარჩოებში მოქცეული აზროვნების და გაუნათლებელი ადამიანების მანიპულაციის ობიექტებად…. მათ სხვა გეგმები აქვთ , სხვა ამოცანები , სხვა ღირებულებები…

იმის მაგივრად, რომ ეს ახალგაზრდები ცოდნას იღებდნენ, კვლევებს ატარებდნენ, სტატიებს ბეჭდავდნენ, კონკურსებში მონაწილეობდნენ, თქვენ დამიზნებულ წყლის ჭავლს, მხუთავი აირის ნაკადს უმკლავდებიან და მოქნეული წიხლებისგან, “დუბინკებისგან” მიყენებულ იარებს (რომლებიც არ ვიცით, რა გართულებებს გამოიწვევენ მომავალში…) იშუშებენ, ბაზისურ და სასიცოცხლო მოთხოვნებს:

– წართმეულ არჩევანს,

– სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას,

– თვითრეალიზაციისთვის უკეთეს გარემოს და

– ცოდნის მისაღებად საუკეთესო სტადარტებს- ითხოვენ….

შეწყვიტეთ ძალადობა, დაისაჯონ მოძალადეები, მოგვეცით არჩევანის უფლება, არა, რუსეთს! გონს მოდით, ჯერ არ არის გვიან….“

სრულად წაკითხვა