მექსიკაში, CrossFit-ის შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 24 წლის ნაიელი კლემენტე 2 მაისს მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სან ანდრეს ჩოლულაში გამართულ ღონისძიებაში, ჩოლულას თამაშებში მონაწილეობდა, რომელიც 37°C ტემპერატურაზე გაიმართა.
მაგრამ „გუნდური პირამიდის სირბილის“ დროს კლემენტეს სუნთქვა გაუჭირდა და გონება დაკარგა. ადგილზე მყოფმა ექიმმა პირველადი დახმარება გაუწია და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე მისი ხანმოკლე სტაბილიზაცია შეძლო.
თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები ჯერ არ აკონკრეტებენ, თუ რამ გამოიწვია გულის გაჩერება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლემენტე მაღალ ტემპერატურაზე ინტენსიური ვარჯიშის შედეგად გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, ზედმეტ სიცხეში ვარჯიში გულის გაჩერების რისკს ზრდის. ეს, როგორც წესი, ზრდასრულებს ემართებათ, თუმცა შეიძლება ბავშვებშიც განვითარდეს. სირბილი შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუნთებისთვის, რაც ჭარბ ოფლიანობას და ორგანოების დაზიანებას.
პიტსბურგში მოღვაწე ექიმისა და ჯანმრთელობის მწვრთნელის, დოქტორ ემილ ჰოძოვიჩის თქმით, ფიტნესის მოყვარულებმა, ახალბედებმა თუ გამოცდილებმა, სიცხის დროს არ უნდა შეასრულონ ისეთი ინტენსიური ვარჯიშები, როგორიცაა კროსფიტი.