შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს უმასპინძლოს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

2 hours ago 1

შვეიცარია მზად არის ორგანიზება გაუკეთოს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, თუ ისინი ამას ითხოვენ, - ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბიდომ გაზეთ Le Temps-თან საუბრის დროს.

„ბიურგენშტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაყენებდით საქმის კურსში ჩვენი მზადყოფნის შესახებ, რომ მხარს ვუჭერთ მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას “, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

როგორც Le Temps აღნიშნავს, შვეიცარიის ხელისუფლება არ აპირებს მოლაპარაკებების ორგანიზებისათვის საჭირო ინიციატივის თავის თავზე აღებას. გამოცემა შენიშნავს, რომ შვეიცარია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მასპინძლობისთვის.

9 იანვარს, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა სურვილი საჯაროდაც გამოთქვა და მასთან შეხვედრას ამზადებენ.

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დრო არ დაუზუსტებია. ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ომი უნდა დაასრულონ.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უმაღლეს დონეზე კონტაქტების განახლების პოლიტიკური ნება შენარჩუნდება, პრეზიდენტი პუტინი ამას მხოლოდ მიესალმება.

პესკოვის თქმით, პუტინს არაერთხელ გამოუთქვამს დიალოგისთვის მზადყოფნა. კრემლის პრესმდივნის ინფორმაციით, ამერიკული მხარისგან კონტაქტის განაცხადი ჯერჯერობით არ ყოფილა.

სრულად წაკითხვა