შინაგან საქმეთა მინისტრმა უზენაესი სასამართლოს სანქცირებული მოსამართლე თავის მოადგილედ დანიშნა

3 days ago 9

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც გლობალური მაგნიტსკის აქტით არის სანქცირებული, თავის მოადგილედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და 2019 წელს უვადოდ არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე დანიშნა. თადუმაძე ასევე სანქცირებულია ლიეტუვის მიერ საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მეხუთე მოადგილე იქნება. დანარჩენი მოადგილეები არიან შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე.

2019 წლიდან დღემდე თადუმაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა და ასევე უვადოდ არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

2018-2019 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურორი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო.

თადუმაძე, ალბათ, ყველაზე მეტად მის განათლებასთან დაკავშირებული დაპირისპირებითაა ცნობილი. უვადო მოსამართლედ არჩევამდე მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი განხილვის საგანი გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დოკუმენტის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა, რადგანაც დიპლომში ნათქვამია, რომ შალვა თადუმაძემ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1993 წელს ჩააბარა მაშინ როცა თავად ეს დაწესებულება 1994 წელს დაარსდა.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ლიეტუვამ სანქციები დაუწესა რამდენიმე პირს, მათ შორის თადუმაძეს, საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მათი როლის გამო,  განსაკუთრებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობასთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შემდეგ, თადუმაძემ საქართველოში ლიეტუვის ელჩთან შეხვედრა და ახსნა-განმარტება ითხოვა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისადმი მიწერილ წერილში თადუმაძე ელჩის დაბარებას ითხოვდა მასთან შესახვედრად. იგი ამბობდა, რომ მისი, როგორც „ქართველი პოლიტიკოსის“ დასანქცირების გადაწყვეტილება გაუმართლებელი იყო. „ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – წერს შალვა თადუმაძე წერილში.

თადუმაძის დანიშვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მზარდი რეპრესიებისა და ძალაუფლების უზურპაციის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე განხორციელდა.

ასევე გაუშვით:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა