საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო III-მ 1 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. ერთი დღით ადრე საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია სტუმრობდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) და 50-მდე მომლოცველი, რომლებიც ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ.
„მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს“, – განაცხადა საპატრიარქომ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა საქართველოს პატრიარქს „გულთბილი მიღებისთვის“ მადლობა გადაუხადეს.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
This post is also available in:
civil ახალი ამბები