საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა „მტკივნეულ რეგიონებში“ არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 30 სექტემბერს.
„მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს“, – განაცხადა საპატრიარქომ. „ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს“, დასძინა საპატრიარქომ ოკუპაციისა და ოკუპირებული რეგიონების სახელების ხსენების გარეშე.
ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციამ საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცა.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსთან რეგულარულ კავშირს ინარჩუნებდა მაშინაც კი, რაც 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ომის შემდეგ მაშინდელი პატრიარქი ილია II მოსკოვს ექვსჯერ ეწვია. მისი ბოლო ვიზიტი 2016 წლის ნოემბერში განხორციელდა.
მოსკოვის საპატრიარქო ფორმალურად კვლავ აღიარებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციას ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ორივე რეგიონში რუსი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მოღვაწეობენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ ბაზებზე რუსი სამხედრო სასულიერო პირებიც მსახურობენ, მაშინ როდესაც ქართველ სასულიერო პირებს ამ ტერიტორიებზე წვდომა ან საერთოდ არ აქვთ, ან ის უკიდურესად შეზღუდულია.
This post is also available in:
civil ახალი ამბები