რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სერგეი შოიგუმ „პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალების“ აღკვეთისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობა შეაქო. ამასთან, შოიგუმ „3+3“ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობაზე საქართველო ამ დრომდე უარს აცხადებს.
„2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკის გატარება დაიწყო“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ შოიგუს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 9 ნოემბერს, დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას“, – დასძინა მან.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ვითარებას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. მან ყურადღება გაამახვილა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესსა და, როგორც თავად უწოდა, „რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივ დამყარებაზე“. შოიგუმ ასევე ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველა ლოგისტიკური პროექტი ეკონომიკურად დასაბუთებული და მომგებიანი უნდა იყოს.
შოიგუმ ასევე მოუწოდა „3+3“ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობის განახლებისკენ. აღნიშნული ფორმატი 2021 წელს შეიქმნა და მასში გაერთიანებულია სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე მათი სამი მეზობელი ქვეყანა – რუსეთი, თურქეთი და ირანი. საქართველო, რუსეთის მიმართ არსებული პოზიციის გამო, მუდმივად უარს აცხადებს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს თბილისს, შეერთებოდა ამ ინიციატივას.
This post is also available in:
civil ახალი ამბები