შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, 19 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 14 ადამიანი დაკავა, ხოლო 13-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
ჯამში, მისი განცხადებით, 27 პირია იდენტიფიცირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დარახველიძემ თქვა, რომ მათ დაარღვიეს შეკრებებისა და მანისფესტაციების შეახებ საქართველოს კანონის 11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის რომლის თანახმად, კანონით აიკრძალა ტრანსპორტის სავალი ნაწილს გადაკეტვა „თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“.
შსს აცხადებს, რომ 18 ოქტომბერს რუსთაველზე შეკრებილებმა „ხელოვნურად გადაკეტეს“ გზა და შეაფერხეს მოძრაობა მიუხედავად აქციის მონაწილეთა სიმცირისა.
„არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ და ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მათ ნაწილს სახეც ჰქონდა დაფარული“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, თუ იგივე ადამიანები მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, დადგება მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, „შსს კანონით დადგენილ ზომებს გამოიყენებს“, - თქვა დარახველიძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონების ამოქმედება შსს-მ 19 ოქტომბერს დილიდან დაიწყო, აქციის იმ მონაწილეების დაკავებით, რომელთაც გზის გადაკეტვას თუ აქციაზე სახის დამალვას ედავებიან და რისთვისაც მათ უკვე 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.