შსს: 30 ნოემბერს ღამით 107 მომიტინგე დააკავეს, 10 პოლიციელი დაშავდა

3 weeks ago 16

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 30 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 107 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები წვრილმანი ხულიგნობის (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით (173-ე მუხლით) მოხდა.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს“. ამავე განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეებმა „დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები“.

შსს-ს ინფორმაციით, აქციის დროს დაშავდა მისი ათი თანამშრომელი, ერთი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია.

შსს-ს განცხადებით, მისმა თანამშრომლებმა „მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“. გამთენიისას დარბევის თვითმხილველებმა და მედიამ აჩვენეს ძალადობის კადრები შსს-ს თანამშრომლებისა და მათ თანმხლები შავებში ჩაცმული უცნობი პირების მხრიდან, რომლებიც ჯგუფურად მისდევდნენ მოქალაქეებს და სასტიკად უსწორდებოდნენ მათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა