შსს ამ დრომდე მალავს, დაიწყო თუ არა გამოძიება გმირთა მოედანზე აქტივისტებზე თავდასხმის გამო

1 week ago 11

3 მაისს ღამით გმირთა მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების თავდასხმიდან 4 დღე გავიდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ამ დრომდე არ გაცემენ.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში დღეს, 7 მაისს, განუცხადეს, ამ ეტაპზე „საკომენტარო“ არაფერი აქვთ. შესაბამისად, უცნობია, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება გმირთა მოედანზე მომხდართან დაკავშირებით და არის თუ არა ვინმე დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კადრები, საიდანაც შესაძლებელია თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

ამ დროისთვის ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელები. ლადო აფხაზავას შვილთან ერთად თავს 5 მაისს დაესხნენ. შსს-მ ლადო აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა დააკავეს თუ არა ვინმე, უცნობია. ამასთან, ლადო აფხაზავას თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან კვლავ მივიდა მაშინ, როცა პედაგოგთან ტვ „პირველი“ იმყოფებოდა.

საგამოძიებო უწყებასთან კითხვები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილი საქმეზეც. ხაბეიშვილი პირველ მაისს  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.

დღეს, 7 მაისს, გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში) ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ და პარტიის იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ ლევან ხაბეიშვილის სასტიკი ძალადობის ფაქტზე ბრიფინგი გამართეს და პროკურატურას მოუწოდეს, რომ გამოძიება 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით დაიწყოს, რაც წამებას გულისხმობს.

„დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით.

ტვ „პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან ძალიან მარტივი დასადგენია თუ ვინები არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი – ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება,“ — განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ

სრულად წაკითხვა