საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების დროს 224 ადამიანი დააკავეს. დაკავება განხორციელდა წვრილმანი ხულიგნობის (მუხლი 166) და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის (მუხლი 172) ადმინისტრაციული ბრალდებებით. 1-2 დეკემბერს 21 პოლიციელი დაშავდა, 28 ნოემბრიდან კი სულ 113.
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის (მუხლი 353) და ცეცხლის წაკიდებით ქონების განადგურების ბრალდებით (187-ე მუხლი) 17 წლის და 21 წლის ორი პირი დააკავა. დაკავებულ ორ პირს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ ერთმა მათგანმა პიროტექნიკით დააზიანა პოლიციელები, მეორემ კი პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთები ისროლა.
2 დეკემბერს, დილით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია რა ბრალდებები წაუყენეს მათ.
შსს-ს ცნობით, „აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს“, მათ ასევე „რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს“.
შსს-ს ცნობით, დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა; 34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულებს ეხმარებიან, დაკავების 200-ზე მეტი შემთხვევის შესახებ იტყობინებიან. მათი თქმით, 1-2 დეკემბრის ღამის განმავლობაში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათგან 39 პირი ადვოკატებმა მოინახულეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ ვრცელდება განცხადებები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონების წართმევის შესახებ. ისინი ასევე ამბობენ, რომ სასამართლოები უგულებელყოფენ ან უარყოფენ საჩივრებს პოლიციის ძალადობის შესახებ.
მშვიდობიანი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, და უკვე ოთხი დღეა გრძელდება.
თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების გაგრძელების ფონზე, შსს აცხადებს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე… მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – შსს: 43 მომიტინგე დაკავებულია, 32 პოლიციელი დაშავდა
- 30/11/2024 – შსს: 30 ნოემბერს ღამით 107 მომიტინგე დააკავეს, 10 პოლიციელი დაშავდა
- 30/11/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია
- 29/11/2024 – შსს: 43 მომიტინგე დაკავებულია, 32 პოლიციელი დაშავდა
This post is also available in: English (ინგლისური)