შსს დუმს ანტირუსული პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმასა და აქტივისტთა დაკავებაზე

2 weeks ago 9

შსს ამ დრომდე (17:00) დუმს გმირთა მოედანზე 2 მაისის აქციის მიმდინარეობისას დაკავებულების რიცხვის შესახებ.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანებმა 2-3 მაისის ღამეს საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე გამართეს, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთი, ფაქტობრივად, დილამდე პარალიზებული იყო.

აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცნობი რჩება დაკავებულების ზუსტი რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმის შესახებაც. უცნობია, დაიწყეს თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება.

მოქალქეები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ამსახველ ვიდეოებში ზოგიერთი თავდამსხმელის ვინაობის იდენტიფიცირება შეძლეს. სავარაუდო თავდამსხმელებს შორის ასევე განიხილება კორცხელის ცნობილი ინციდენტის მონაწილე პირებიც.

2016 წლის 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს „განსაკუთრებულად საშიში“ უწოდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ. მაშინ საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.

გასულ ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს ომბუდსმენის რწმუნებულებმა. ომბუდსმენის განცხადებით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ISFED-ის იურისტი თეონა კილაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ დაკავებულების დაცვის საშულება ადვოკატებსაც უზღუდავს და უჭიანურებს შსს.

„ცხელ ხაზზე ჩვენ 18 ადამიანი დაგვიკავშირდა. მე პირადად 4 მათგანი მოვინახულე. გვიან ღამემდე ვეძებდით მათ. შემდეგ 2 საათი დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორში ველოდებოდი ე.წ. შესახლების პროცესს. მე რომ გამოვედი, კიდევ 3 პირი მოიყვანეს. დანარჩენები იყვნენ ავჭალაში, სადაც ჩემი კოლეგა იყო წასული.

მე ვისაც შევხვდი, აქედან ერთ-ერთი იყო ნაცემი პოლიციის მხრიდან. აბსოლუტურად მშვიდობიანად იდგა აქციაზე, როცა მოჰკიდეს ხელი, წაათრიეს და ჩააგდეს მანქანაში. შემდეგ მანქანაში პოლიციელმა სახის არეში დაარტყა. დაკავებულის აზრით, ეს პოლიციელი შესაძლოა, სხვების უფროსი ყოფილიყო, რადგან მანამდე სხვა პოლიციელების მისამართით მითითებებს გასცემდა. ყელზე აქვს დაზიანება და ტანსაცმელი შემოხეული აქვს. ორ დაკავებულს არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის შესაძლებლობა. როცა უკავშირდებოდნენ ოჯახის წევრები, ეუბნებოდნენ, რომ გადაჰყავდათ ავჭალაში, მაგრამ სინამდვილეში დიღომში მოიყვანეს.

არ გვაძლევენ ინფორმაციას, არც შსს-ში და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში, სანამ ეს ე.წ. შესახლების პროცესი არ დასრულდება. ეს პროცესი კი საკმაოდ ხანგრძლივია. აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნობა ადვოკატების მიმართაც. უფრო მეტიც, ფაქტობრივად გვეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება და გვიჭიანურდება. ამის შესახებ ომბუდსმენის წარმომადგენელსაც მივაწოდეთ ინფორმაცია,“ — გვეუბნება თეონა კილაძე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი აქციაზე დაკავებულებს უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. მათთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 577070563


რა ხდება?

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.

რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა.

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

სრულად წაკითხვა