საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) „ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის“ შედეგად, დაკავებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აშშ-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
„მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
შსს იტყობინება ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, რომ ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა, ამავე მიზნით, ასევე, შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში, ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოს“. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული სხვადასხვა პირს სირიაში საბრძოლველად გამგზავრებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნულში დახმარებას სთავაზობდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები