შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
ფარტენაძემ ბათუმში მის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტების შესახებ 10 აგვისტოს განაცხადა.
„ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. მოგვიანებით შსს-მ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ორივე პირი ფარტენაძის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს და ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე 151-ე მუხლით (მუქარა) და ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფარტენაძე 2023 წელსაც იტყობინებოდა თავდასხმის შესახებ. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ განაცხადა, რომ ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. მედიასთან ინტერვიუში კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას მიაჩნდა, რომ თავდასხმის მიზეზი მისი არასტანდარტული გარეგნობა გახდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები