შსს-მ კიდევ 5 პირი დააკავა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის ბრალდებით

2 weeks ago 6

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დაკავებული არიან:

  • 1996 წელს დაბადებული ო.ც.,
  • 1990 წელს დაბადებული გ.მ.,
  • 1975 წელს დაბადებული ჯ.ა.,
  • 1996 წელს დაბადებული ა.ჭ.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული რ.ს.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი.

ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის, დაკავებულია 9 პირი.

სრულად წაკითხვა