მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 300-მდე მოქალაქე გააძევეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს – 2025 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაააძევეს იორდანიის, ინდოეთის, ეგვიპტის, ლიბანის, ალჟირის, ფილიპინების, სომხეთის, უზბეკეთის, თურქეთის, რუსეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ერაყის, კენიის, ნეპალის, ნიგერიის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
გაძევების ახალი შემთხვევები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულების გააქტიურების ფონზე ხორციელდება.
2025 წლის დეკემბერში იმ წლის მონაცემების გამოცხადებისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2026 წელს ქვეყნიდან „სულ მცირე 3 500“ არალეგალის გაძევებას გეგმავს. კობახიძემ მაშინ აღნიშნა, რომ 11 თვის განმავლობაში განხორციელებული 1 131 გაძევება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს შეესატყვისება.
26 ივნისს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოო მოსმენით საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას ისახავს მიზნად. სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონმდებლობა ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები და გარკვეული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულების გამო მათ ქვეყანაში ხელახლა შემოსვლა აუკრძალოს.
ამ ცვლილებებმა ასევე გამოიწვია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ისინი შესაძლოა მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
გასული წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ასევე შეზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და გაამკაცრა წესები იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება სურთ.
This post is also available in:
civil ახალი ამბები