შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს „იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები". უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიმოხილულია პარლამენტთან მიმდინარე პროცესები, სადაც წერია, რომ „აქციის მონაწილეები ნაწილი ძალადობრივ ქმედებებს განაგრძობს".
„ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“, - აცხადებენ შსს-ში.
უწყების მტკიცებით, შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
„აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.
დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს ბავშვებზე საუბრისას ბავშვა უფლებათა კოდექსს ეყრდნობა და წერს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. „თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.
„შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი“, - ამბობენ შსს-ში.
განცხადების დასასრულს, შსს წერს, რომ უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება, დადგინდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ორ საათზე მეტია რუსთაველის გამზირზე ვითარება უცვლელია. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს, საპასუხოდ აქტივისტები პიროტექსტიკას ისვრიან.
დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, სისხლის სამართლის წესით დაკავეებულ 27 წლის კაცზე, რომელსაც სათვალთვალო კამერების კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებიდან ოთხ დღეში(28 ნოემბერი - 1 დეკემბერი) 200-ზე მეტი დაკავების შესახებ აცნობეს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
რვა ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ქსელმა ინფორმაცია მიიღო ცხელი ხაზით(577 07 05 63), რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.