შსს მშობლებს აფრთხილებს

2 weeks ago 32

8

შსს განცხადებას ავრცელებს:

აზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი.

ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები.

ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

სრულად წაკითხვა