კიდევ ორი აქტივისტის, დათო ფუთურიძისა და ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლებში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაციას შსს-ში უდასტურებენ.
„ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირები დაადგინა. მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, — ამბობენ უწყებაში.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ახალგაზრდები ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან.
ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ესწრება. მისი თქმით, ნიკოლოზი ახლა სახლში არ იმყოფება.
ფუთურიძისა და ლაცაბიძის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მათმა მეგობრებმა გაავრცელეს. ახლობლებისთვის ორივე მათგანის ადგილსამყოფელი, მათ სახლებში ჩხრეკის დაწყებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.
დათო ფუტურიძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე გააჩერა პოლიციამ, დაახლოებით დღის 12 საათზე. ნიკოლოზ ლაცაბიძე კი საღამოს პირს სვანეთის უბანში გააჩერეს.