საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები, ცალკეული აქტივისტები და შშმ პირთა ორგანიზაციები ქვეყანაში მათი უფლებების გაუარესების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვების, შეშფოთების გამოხატვისა და დახმარების გაწევის გზით.
წერილი, რომელსაც 20-მდე ორგანიზაცია და დაახლოებით ამდენივე პირი აწერს ხელს, ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე საქართველოში, რომლებიც, მათი თქმით, „არაპროპორციულად დაზარალდნენ ხელისუფლების რეპრესიებით“ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.
მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შშმ პირები პოლიციის ძალადობის სამიზნეები გახდნენ, ნათქვამია წერილში და ნახსენებია უსინათლოთა და მხედველობადაქვეითებულთა უფლებების დამცველი აქტივისტის გია ჯვარშეიშვილის საქმე, რომელიც, წერილის თანახმად, „სასტიკად სცემეს, დაზიანებები მიიღო და მიუხედავად ამისა, სასამართლომ ბრალი მაინც წაუყენა“.
წერილში აღნიშნულია, რომ სულ მცირე ორი სმენადაქვეითებული პირი პოლიციამ საპროტესტო აქციის ადგილას სცემა, ხოლო კიდევ ერთ აქტივისტს, თათია დათაშვილს სოციალურ ქსელში სიტყვიერად დაემუქრნენ. წერილის მიხედვით, არც ერთი ეს საქმე გამოძიებული არ არის.
რეპრესიები ასევე შეეხოთ სმენადაქვეითებულ პირებს. კერძოდ, ლევან მაჭარაძეს და ნოდარ კიკნაძეს ბრალი გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის წაუყენეს. ერთ შემთხვევაში მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გასცა, მეორეში კი 5 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. სმენადაქვეითებული და ონკოლოგიური პაციენტი, თორნიკე მსხილაძე პოლიციამ უმიზეზოდ გააჩერა, მანქანა გაუჩხრიკა და ძალის გამოყენებით დააკავა. კიდევ ერთ მამაკაცს, დათო აბულაძეს, რომელსაც სმენა დაქვეითებული აქვს, საპროტესტო აქციების დროს პოლიცია თავს დაესხა, მას პირადი ნივთები წაართვეს, მათ შორის ტელეფონი.
„რეპრესიის მსხვერპლნი“ ასევე გახდნენ შშმ პირების მშობლებიც, ნათქვამია წერილში, სადაც საუბარია შშმ პირის დედაზე, ნინო კალანდიაზე, რომელიც 10-ზე მეტჯერ დაჯარიმდა საერთო ჯამში 50 000 ლარზე მეტი ოდენობით. „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ბევრი მშობელი ვერ ახერხებს მუშაობას შვილებზე მზრუნველობის გამო, რაც მსგავს ჯარიმებს განსაკუთრებით დამღუპველს ხდის“, – ნათქვამია წერილში.
შშმ პირები სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდანაც დაითხოვეს. წერილის მიხედვით, თბილისის მერიის მრჩეველი გიგა სოფრომაძე და მიმღებში მომუშავე ნანა ბრეგვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს საჯარო მოსამსახურეთა განცხადებას, რომელიც ევროკავშირის გზიდან გადახვევის გამო „ქართული ოცნებას“ აკრიტიკებდა.
ესმა გუმბერიძე, უსინათლო აქტივისტი, რომელიც დმანისში გამართულ დემონსტრაციას ესწრებოდა, ადგილობრივ მერიაში სამუშაო საათებში არ შეუშვეს, როდესაც ის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ცდილობდა. სახალხო დამცველის აპარატს განუმარტეს, რომ იგი იმიტომ არ შეუშვეს, რომ მომიტინგესავით იყო ჩაცმული და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეკავა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღარ ექნებათ წვდომა სახელმწიფო შენობებსა და ფართებზე, რომლებიც ადრე უსასყიდლოდ იყო უზრუნველყოფილი, ამის თაობაზე ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა.
ამას ემატება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების დაშინება და დისკრედიტაცია. წერილში საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ბენეფიციარები, განსაკუთრებით რეგიონებში, თავს იკავებენ შშმ პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისგან და მიზეზად „მთავრობის ზეწოლას“ ასახელებენ.
ხელმომწერები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობას საქართველოში, გამოხატოს შეშფოთება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სწრაფი გაუარესების გამო, მხარი დაუჭიროს საქართველოს შშმ პირთა ორგანიზაციებს, ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის მასმედიის საშუალებით, და გააგრძელონ მუშაობა საქართველოში; ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ არსებულ ვითარებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)