„ჩარევად აღიქმება“ - საგარეოში ბალტიის ქვეყნების ელჩები დაიბარეს სანქციებზე გადაწყვეტილების შემდეგ

2 weeks ago 6

3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს.

სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე „შეშფოთება გამოითქვა“ სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

წინა დღეს ამ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სავიზო სანქციები დაუწესეს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს.

საგარეოში ელჩებს განუცხადეს, რომ „ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო „არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“.

„მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“, - სამინისტროს თანახმად, უთხრეს შეხვედრაზე ელჩებს.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას“, - წერია განცხადებაში.

„საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამტკიცებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:

გარდა ამ ქვეყნებისა, ცნობილია, რომ სანქციებს განიხილავს კანადის ხელისუფლებაც.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ.

2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა:

„კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით, სანქციებს დავუწესებთ საკვანძო ფიგურებსა და ბიზნესებს, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ასევე კორუფციაში“.

სრულად წაკითხვა