„ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად მეტი იქნებოდა მიღწეული“ - სააკაშვილის თქმით, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხეს

13 hours ago 5

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუწყება, რომ დღეს, 24 ოქტომბერს ისიც დაკითხეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე. ის აცხადებს, რომ ამაში ჩართული არ ყოფილა.

სააკაშვილის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ის პროკურატურის [უწყებას უწოდებს „ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურას“] ინიციატივით დაკითხეს „ვითომ მოსამართლესთან“.

„ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ“, - წერს ის.

„უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით, მე განვუცხადე რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს“, - წერს სააკაშვილი.

„ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან, თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში. სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ“, - ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.

ექსპრეზიდენტის თანახმად, ეკითხებოდნენ პოსტებზე, რომლებიც, მისი თქმითვე, „არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას“ - „ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი“.

„ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ, რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად უფრო მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად“, - აცხადებს იგი.

  • 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციაზე მისვლისკენ საზოგადოებას ჯერ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი მოქმედი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, - თუმცა ის 11 სექტემბერს დააკავეს;
  • ამის შემდეგ აქციის ორგანიზებას უწევდა 4 ოქტომბრის აქციის „საორგანიზაციო კომიტეტი“, მათ შორის ენმ-ის წევრები (მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე) და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე;
  • ხუთივე მათგანი დაპატიმრებლია; ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით სხვა ადამიანიც - სისხლის სამართლის წესით. კერძოდ, მათი რაოდენობა, ორგანიზატორების ჩათვლით, 62-ს აღწევს.
  • მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.

10 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი, თავად ახალაია კი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდა. ახალაიაც უარყოფს 4 ოქტომბერთან კავშირს.

სრულად წაკითხვა