ჩელენჯ თასის მესამე ტურში ფრანგული ტოპ 14-ის ‘ბაიონამ’ ‘შავ ლომს’ შეცდომები არ აპატია და “მიხეილ მესხზე” 41:16 გაიმარჯვა.
მეტოქემ ჯამში 6 ლელო გაიტანა, საიდანაც პირველი ოთხი მასპინძლების შეცდომებს მოყვა. ‘შავი ლომი’ პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გაშვებული ორი ლელოს შემდეგ კი გატყდა და ‘ბაიონამ’ სოლიდური სხვაობით გაიმარჯვა.
თანაბარი ტაიმი
თამაში ‘შავი ლომის’ აქტიურობით დაიწყო, რასაც სტუმართა მხრიდან სამი ჯარიმა მოყვა, აქედან ორი კარში დასარტყმელი იყო და ლუკა მატკავა 40 და 35 მეტრიდან ზუსტი იყო. მე-10 წუთზე უკვე მასპინძლები შეცდნენ, საკუთარი ლელოდან თამაშში ბურთი ცუდად შეიყვანეს, ‘ბაიონამ’ ჯერ 5-მეტრიანი შერკინება მიიღო, მერე ჯარიმა, რომლის გათამაშების შემდეგ ბატისტ ეგიმ ლელო გაიტანა, ხოლო ბატისტ ჟერმანმა გარდასახვით თავისიანები დააწინაურა.
მე-15 წუთზე მეტოქემ კიდევ ერთხელ დაგვადო წნეხი და კვლავ 5-მეტრიანი შერკინება მოიპოვა, იქიდან ბურთი ხაზზე გავიდა, შეკ ტიბერგიაზე ორი ბოჭვა გაცუდდა და შეცვლაზე შესულმა მორაგბემ ფრანგების მეორე ლელო მიითვალა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
‘შავი ლომი’ მალე გამოერკვა, ტაიმის შუაში ამირან შვანგირაძემ თავის ნახევარზე ბრწყინვალედ ითამაშა, სამ მეტოქეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი სიტუაციიდან დააღწია თავი, რასაც ლუკა ცირეკიძეს გარღვევა მოყვა. მან ბურთი მიხეილ გაჩეჩილაძესთან გაითამაშა, მერე შიდა მხარეს მატკავა მოძებნა, რომელიც ბოლო მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და გაჩეჩილაძეზე წინპასი დააფიქსირა.
27-ე და 29-ე წუთებზე მატკავამ და ჟერმანმა ჯარიმები გაცვალეს. მალე მატკავას პირველი დარტყმა გაუცუდდა, თუმცა ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ და ლელო მწიფდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში შვანგირაძე აუტში ზედ ალამთან გადაიყვანეს, ზედ შესვენების წინ კი კარის წინ 5 მეტრიდან ჯარიმა აღარ დავარტყით, ბურთი შალვა მამუკაშვილმა გაათამაშა და შეუტია, შემდეგ ორ მიძალებაზე მიზნამდე სანტიმეტრები დაგვაკლდა, საქმეში ლუკა ივანიშვილი ჩაერთო, რომელმაც ხალხმრავლობაში ბრძოლით გაიკაფა გზა და ლელო ძელებსშუა დაამიწა. მატკავამ გარდასახა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 16:17.
შეცდომები და უიღბლობა
მეორე ტაიმი შეცდომების სერიით დავიწყეთ, ჯერ შეტევაში მეტოქის ნახევარზე დავკარგეთ ბურთი, მერე ჩვენს 22-ში აკაკი ტაბუცაძის და მატკავას რისკმა არ გაამართლა და ‘ბაიონამ’ საჩუქარი შეირგო - ალამთან ლელო ვიქტორ ჰანუნმა გაიტანა, გარდასახვა კი არაზუსტი იყო. საპასუხოდ მატკავამ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა და ‘შავმა ლომმა’ საპასუხო ლელოზე სცადა თამაში, მაგრამ დერეფანში ბურთი ვერ მოვიგეთ, 53-ე წუთზე კი მოედნის ცენტრში დაშვებულ მორიგ შეცდომას სწრაფი კონტრშეტევა და ჟერმანის ლელო მოყვა.
13-ქულიან ჩამორჩენას ისიც დაერთო, რომ ივანიშვილი დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა, მის ნაცვლად მოედანზე გამოსულმა გიორგი სინაურიძემ კი ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ბაიონამ’ რიცხობრივი უპირატესობა კიდევ ორ გატანილ ლელოში ასახა. მათ 5 ქულა ჯერ მოლის შემდეგ მოიპოვეს, მერე კი ხელდახელ შეტევით და თამაში 41:16 მოიგეს.
‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მეოთხე თამაშს 19 იანვარს შოტლანდიაში, ლიდერ ‘ედინბურგთან’ გამართავს. შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
“იყო რამდენიმე მომენტი, სადაც შეგვეძლო თამაში გარდაგვეტეხა და უპირატესობა მოგვეპოვებინა, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. მოწინააღმედეგემ პირიქით, რა შანსიც მივეცით ყველაფერი გამოიყენა და ეს საბოლოო შედეგზე აისახა. დასანანია ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა, მაგრამ კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით ჩვენი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ”.
“ედინბურგში ვეთამაშებით ლიდერს და ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. ვფიქრობ, კარგ გუნდს დაგვახვედრებენ და მარტივი გასეირნება არ გვექნება” - განაცხადა ნამატჩევს ლუკა მატკავამ.
rugby.ge