
წაკითხვა: 480
ნებისმიერი სახელმწიფო, თავისი არსით, ეფუძნება რუსოსეულ „სოციალურ კონტრაქტს“: მოქალაქე თმობს თავისუფლების ნაწილს და ემორჩილება ლევიათანს, სანაცვლოდ კი იღებს უსაფრთხოებასა და ღირსეული არსებობის გარანტიას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „საარსებო მინიმუმზე“, ჩვენ არ ვეხებით მხოლოდ ეკონომიკურ ინდექსებს; ჩვენ ვეხებით სახელმწიფოს ეთიკურ ლეგიტიმაციას.
დღევანდელ საქართველოში ეს ლეგიტიმაცია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ერთი, მშრალი სტატისტიკური მონაცემის გამო: 260 ლარი.
ეს ციფრი, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმს, წარმოადგენს არა ეკონომიკურ გათვლას, არამედ მეთოდოლოგიურ ანაქრონიზმს. ეს არის საბჭოთა ინერციით დათვლილი „ფიზიოლოგიური გადარჩენის“ ზღვარი, რომელიც ადამიანს განიხილავს როგორც კალორიების მომხმარებელ ბიოლოგიურ ერთეულს და არა როგორც სოციუმის სრულფასოვან წევრს.
იმისათვის, რომ გავიგოთ ჩვენი სისტემური ხარვეზის მასშტაბი, უნდა შევხედოთ ევროპულ გამოცდილებას, კერძოდ – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც „სოციალური სახელმწიფოს“ კონსტიტუციურ პრინციპზე დგას.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნდამენტური განჩინებით, საარსებო მინიმუმი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური არსებობის უზრუნველყოფა. მათ შემოიტანეს ტერმინი „Das soziokulturelle Existenzminimum“ (სოციო-კულტურული საარსებო მინიმუმი).
ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ითვლება „ღარიბად“ არა მხოლოდ მაშინ, როცა მშიერია, არამედ მაშინაც, როცა მას არ აქვს რესურსი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გერმანული მეთოდოლოგია ითვალისწინებს:
— კომუნიკაციის უფლებას (ინტერნეტი, ტელეფონი);
–განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
–კულტურულ ინტეგრაციას;
–ენერგო-უსაფრთხოებას.
იქ სახელმწიფო აღიარებს, რომ 21-ე საუკუნეში იზოლირებული ადამიანი – „მკვდარი“ მოქალაქეა.
მესმის და სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. მე, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამინი, შორს ვარ იაფფასიანი პოპულიზმისგან. ვიცით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა მყიფეა და სოციალური ხარჯების რადიკალური ზრდა ინფლაციურ სპირალს გამოიწვევს. ბიუჯეტი არ არის „უსასრულო რესურსი“ და მემკვიდრეობით მიღებული ეკონომიკური სტრუქტურა მყისიერ ტრანსფორმაციას ვერ გაუძლებს.
თუმცა, პოლიტიკური რეალიზმი მოითხოვს სიმართლის თქმას: 260 ლარიანი ზღვარი არის თვითმოტყუება.
როდესაც სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, რომ 260 ლარი საკმარისია არსებობისთვის, ის აჩენს ღრმა კოგნიტურ დისონანსს და უნდობლობას ინსტიტუტების მიმართ. გაღატაკებული ფენა, რომელსაც არ აქვს „სოციალური ლიფტის“ იმედი, წარმოადგენს ნოყიერ ნიადაგს რადიკალიზმისთვის, დესტრუქციული გარე ძალების მანიპულაციისა და პოლიტიკური ნიჰილიზმისთვის.
ჩემი გზავნილი ხელისუფლებისადმი არის არა კრიტიკა, არამედ გაფრთხილება: სიღარიბე დღეს არის ეროვნული უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა.
ჩვენ არ ვითხოვთ უტოპიას. ჩვენ ვითხოვთ პარადიგმის ცვლილებას. აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა საარსებო მინიმუმის დათვლის ახალ, ადეკვატურ მეთოდოლოგიაზე, რომელიც დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. ეს შეიძლება იყოს ეტაპობრივი, გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ ის უნდა დაიწყოს.
ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ემყარება არა იძულებას, არამედ მოქალაქის განცდას, რომ სახელმწიფო მისი ღირსების გარანტია. სანამ საზოგადოების კრიტიკული მასა ბიოლოგიური გადარჩენის რეჟიმშია, სახელმწიფო ინსტიტუტები დგას არა მყარ ფუნდამენტზე, არამედ სოციალური კონფლიქტის ვულკანზე.
ისტორია არ პატიობს ელემენტარულ ჭეშმარიტებას: რეფორმები, რომლებიც გვიანდება „ზემოთ“, გარდაუვლად ტრანსფორმირდება რადიკალიზმში „ქვემოთ“. პოლიტიკური სიბრძნე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაასწრო დროს და სოციალური კონტრაქტი გადაწერო მანამ, სანამ ამას კრიზისი გაიძულებს.
ავტორი: ირაკლი ყიფიანი
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 week ago
8








English (US) ·
Georgian (GE) ·