“გიზიარებთ თამაზ ელიზბარაშვილის წერილიდან ამონარიდს, პატიმრობიდან“, – მითითებულია წერილის ავტორის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც დეტალური განმარტებები კეთდება 30 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაპატიმრება არის რუსეთის დაკვეთის შესრულება.
თუ ნახავთ ჩემ ფეისბუქ გვერდს, ორი წელია აქტუალურად ვაშუქებ და ვაზიარებ რუსულ-უკრაინულ ომს, უპირობოდ ვუჭერ მხარს უკრაინას და ვაგინებ ოკუპანტების ლიდერს – ხუილო პუტინს.
სწორედ ეს იყო ჩემი და იმ 7 ახალგაზრდას შორის კონფლიქტის მიზეზი – 30 აგვისტოს რესტორან “სხვაში“, საღამოს გამეცნენ რა “ტვ იმედის“ თანამშრომლებად, პირდაპირ მომახალეს, რომ ბოდიში უნდა მომეხადა მათთვის უკრიანის მხარდამჭერი პოსტებისთვის და “ტვ იმედის“ აუგად მოხსენიებისთვის სოციალურ ქსელში.
ბოდიში, რა თქმა უნდა, არ მოვიხადე, რის გამოც გადამიკეტეს რესტორნის კორიდორი, შემიზღუდეს თავისუფლება, მაგინეს, ხელები მიქნიეს, მემუქრებოდნენ და არ მიშვებდნენ დარბაზისკენ, სადაც ჩემი მეუღლე მელოდებოდა. როცა ვუთხარი მათ რომ გამიშვით, მეუღლე მელოდება, სახლში მივდივართ, რადგან ჩვილ ბავშვს დედამ რძე უნდა აჭამოს-თქო – ესეც არ გაითვალისწინეს და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა, ბოდიშის მოხდის მიზნით. რომ შემაგვიანდა მეუღლესთან, დამიწყო ძებნა და კორიდორში დამინახა ამ ახალგაზრდების ალყაში, რომლებიც მაგინებდნენ და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. არც ჩემი მეუღლის თხოვნა გაითვალისწინეს და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა რესტორნის დაცვის თანამშრომელი და მოვახერხე დარბაზში დაბრუნება. ახალგაზრდებს კი დავუბარე, რომ მეუღლეს მივიყვან სახლში ბავშვთან და მალე დავბრუნდები-თქო.
რომ დავბრუნდი ადგილზე არავინ დამხვედრია, მქონდა სურვილი მათთან შეხვედრისა და საუბრისა, რადგან მომავალში აღარ განმეორებულიყო ანალოგიური, მაგრამ ვერ დავადგინე მათი სახელი, გვარი და ადგილი.
1 სექტემბერს პოლიციამ დამაპატიმრა, ამიწიოკა ოჯახი, ჩვილი ბავშვი და არასრულწლოვანი შვილები, შემიშინეს, უმოწყალოდ ცემეს ჩემი ადვოკატი ია სირანაშვილი, გაჩხრიკეს და ამოატრიალეს ყველაფერი ჩემს სახლში, შემდეგ 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფი დედის სახლი, დამადეს ბორკილები და ისე მჭიდროდ მომიჭირეს, ტკივილისგან პოლიციის მანქანაში გონება დავკარგე.
არც ქალაქის პოლიციის სამმართველოში მომხსნეს ბორკილი, თითქმის 7 საათი მქონდა ხელებზე მოჭერილი და განვიცდიდი საშინელ ტკივილს. ჩემს თხოვნაზე ბორკილები მოეხსნათ, უარი მითხრეს. გარდა ამ ტკივილისა პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა ჩემზე, პოლიციის სამმართველოს მე-7 ან მე-8 სართულზე, სადაც ოთახში სხვა პოლიციელებთან ერთად ვიჯექი, გვერდით ოთახიდან შემოდიოდა ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა, რაც იდენტური იყო ჩემი მეთერთმეტე შვილის, 8 თვის ნიკოლოზის ხმისა. კითხვაზე, რომ აქ რა უნდა ჩემს შვილს-თქო, მითხრეს, რომ ის ჩვილი ბავშვი არ იყო ჩემი შვილი. ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა მობილურიდან მომასმენინა ხმა, რომელიც ამბობდა, რომ „ჩხრეკა ჩატარდა თამაზ ელიზბარაშვილის 84 წლის მძიმე ავადმყოფ დედის სახლშიო.“
ჩემს ოჯახზე ამ საშინელმა ტერორმა პოლიციის მხრიდან დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი გამოიწვია, რის შედეგადაც იზოლატორის საკანში წავიქეცი, თავი დავარტყი და გონება დავკარგე. გონზე მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი და ისევ უკან იზოლატორში დამაბრუნეს. იზოლატორში ყოფნის 48 საათის ამოწურვამდე 2 საათი იყო დარჩენილი და ამიყვანეს ზედა სართულზე, მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. ოთახიდან გამოსვლისას იქვე დამხვდა სხვა პოლიციელი და მითხრა, რომ ახლა დაკავებული ვიყავი სისხლით და დამადო ხელბორკილი, ცოტა ხანში კი ისევ ჩამიყვანეს იზოლატორის კამერაში.
ჩემი პატიმრობა არის უკანონო. მე დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემი უკანონო პატიმრობით ბევრი სიკეთე გაჩერდა, ცხოველების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით 23 წელი ვეხმარები ჩემს ქვეყანას და მსოფლიოს თვალში ზევით ვწევ საქართველოს მოქალაქეების სახელს და იმიჯს.
ასევე მოაკლდათ მზრუნველობა და ყურადღება ჩემს 11 შვილს და 4 შვილიშვილს. ამდენ სიბოროტეს, ძალადობას და ტერორს მე ერთი კაცი დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილს.
მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და ვისაც გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ დამიდექით გვერდში ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში. ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ“, – აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
paraleli პოლიტიკა