მომღერალი ვერიკო ტურაშვილი იმ გაბრაზებულ ადამიანთა შორისაა, ვინც, 28 ნოემბრიდან დღემდე, რუსთაველზე დგას. მომღერალმა, 3 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გააუქმა ყველა საახალწლო კონცერტი, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა და შემოთავაზებები, რადგან მიაჩნია, რომ ახლა კონცერტების გამართვის დრო არ არის.
დღეს ქვეყნის ბედი წყდება და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე რუსთაველზე პროტესტით და მისი მტკიცე პოზიციით, საყოველთაო განწყობას უერთდება. AMBEBI.GE ვერიკო ტურაშვილს ესაუბრა:
- პატარა გოგო აღარ ვარ, რაც თავი მახსოვს, 9 აპრილიდან მოყოლებული (მაშინ პატარა ვიყავი), მხოლოდ მცირე მონაკვეთებში მახსოვს ჩვენი ქვეყანა დამშვიდებული... თუმცა, რაც ახლა ხდება, ასეთი არაფერი ყოფილა არც ჩვენთან და არც - სხვაგან. ამხელა უსამართლობა, ამხელა პროტესტი - ეს გასაოცარია. მგონია, რომ ამ ყველაფრის შემქმნელები იმდენად ბრიყვები არიან, რომ იმასაც ვერ ხვდებიან (ხალხს კი სერიოზულად აზარალებენ), რომ პირველ რიგში თვითონ ზარალდებიან. უკან დასახევ ნაბიჯებსაც აღარ იტოვებენ, რომ თუნდაც თავისმა ნაყიდმა ამომრჩეველმა რაღაცნაირად დადებითად შეაფასოს. მათი ნამოქმედარი ადეკვატურობის ფარგლებს გაცდა - ყოველდღე მძიმდება სიტუაცია თუნდაც მათი განცხადებებით, ქმედებებით. მთლიანი სისტემა კედელთან მიმწყვდეულ საცოდავ მდგომარეობაში მყოფ არსებას ჰგავს.
შესაბამისად ამ ყველაფერზე მაქვს დიდი პროტესტი. 23 დღეა, ხალხი რუსთაველზე დგას, მთლად 23 დღე არა, ვერ მოვიტყუები, მაგრამ რამდენიმე დღის გამოკლებით, სრულად ვიზიარებ ამ დიდ პროტესტის განწყობას და რუსთაველზე ვარ. ჩემი შვილი კი დიდი ხანია იქ ცხოვრობს. რაც აქციებზე ხდება და რასაც ვუყურებ, ამ ფაქტით გაოცებული ვარ, ეს ჩემთვის აღმოჩენაზე მეტია. რა ბედნიერები ვართ, რომ ეს არაჩვეულებრივი, უჭკვიანესი, ლამაზი, მოაზროვნე ახალგაზრდები გვყავს. საერთოდ, იქ მყოფი ნებისმიერი პატრიოტი ადამიანი სჯობია, ამ საცოდავ მდგომარეობაში მყოფებს... თავს ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ და ვიზიარებ ამ ყველაფერს.
- თუმცა ჩვენს საზოგადოებაში საპირისპირო პოზიციაზე მყოფი არაერთი ადამიანი არსებობს. ეს სოციალურ ქსელებშიც ნათლად ჩანს. მათ ემატება იმავე სივრცეში ტროლ-ბოტებიც. ხელისუფლების მხარდამჭერები იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, არ ამართლებენ... ამაზე რას იტყვით?
- მას მერე, რაც ჩემი პოზიცია სოციალურ ქსელში დავაფიქსირე, ამ ტროლ-ბოტებს - არარეალურ ადამიანებს პირველად შევეჯახე. სოციალურ ქსელში ჩემი ლანძღვა გაჩაღდა... თუმცა ესენი ალბათ საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არიან, რომლებსაც ესენი აშინებენ, რომ დაკარგავენ სამსახურს. შესაძლოა ვიღაც ქალბატონი 70 წელს მიღწეული იყოს, სკოლაში მუშაობდეს, სხვა სამსახურის შოვნის პერსპექტივას ვეღარ ხედავდეს და არსებულ ხელფასს ასე ებღაუჭება. ან დაშინებული ბაღის თანამშრომელია, რომელსაც დააძალეს, რომ ასეთი კომენტარები დაეწერა. გარდა ამისა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი ხომ არსებობს, ჩატებში მიმოწერის სქრინის, ჩანაწერის სახით, სადაც ადამიანებს ამას აიძულებენ, აშინებენ.
სამწუხაროდ მათ შორის ის ადამიებიც არიან, რომლებიც გარკვეულ საკითხებს ფართოდ ვერ უყურებენ და აფასებენ. ამიტომაც უაზრო თემებით მანიპულირებენ, მაგალითად, ღმერთის სახელით ლაპარაკობენ, ამასთან ამბობენ, რომ ლგბტ არის ინფექცია, რომლითაც ადამიანი ინფიცირდება. ამას ეუბნებიან, რომ დასავლეთი არის ყველაფრით უმსგავსო, სადაც კაბებში მორბენალი კაცები დადიან, - ამ ადამიანებს ამას აჯერებენ და ასე ატყუებენ... ამ ხელისუფლებამ კარგად იცის სად, როგორ, ვისთან შეიძლება რაღაც თემებით მანიპულირება... ამდენად, ვინც 41 შემოხაზა, არის ან ტყუილებით გაბერილი, ან ძალადობრივად დამორჩილებული...
- წამიკითხავს ისეთი კომენტარები, სადაც ვიღაცებს რუსეთთან ისეთივე ურთიერთობა უნდა, როგორც გასულ საუკუნეში იყო... არის ასეთი ფაქტებიც...
- დიახ, მისტირიან იმ დროს, ჰგონიათ, რომ ტანია და ჟენიას დრო დაუბრუნდება, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ ასეთი ადამიანების მაინც ძალიან მცირე პროცენტია, ასევე იდეის მიმდევრებისაც...
- ვერიკო, მომღერლების უმეტესობამ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, საახალწლო კონცერტები გააუქმეთ. გეგმები შეცვალეთ, მაგრამ ზოგიერთი მომღერალი საახალწლო კონცერტისთვის ემზადება...
- ძალიან გამიჭირდება ჩემი კოლეგები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავატარო, მაგრამ მათ რიგებში ბევრი ისეთია, რომელსაც კოლეგადაც არ მოვიაზრებ, საერთოდ არ ვიცი, საიდან მოვიდნენ, რა უნდათ, ამ პროფესიასთან რა კავშირი აქვთ. თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც პროფესიულად ვაფასებ, მაქვს კარგი ურთიერთობა და ახლა მათზე საუბარს არ გავავრცობ... რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, წუწუნი არ მიყვარს, ეს ჩემი სტილი არ არის. ჩემი სტილი ბევრი მუშაობაა და შრომის შედეგად იმის მოპოვება, რაც მეკუთვნის. ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის გამორჩეული დრო ახალი წელია. სხვა დროს თუ კონკრეტული ჰონორარი გვაქვს, ახალი წლის პერიოდში ჰონორარი საგრძნობლად იზრდება. ბევრი შემოთავაზებაა ხოლმე. ტარდება როგორც კორპორაციული, ასევე სახელმწიფო კონცერტები. ვინაიდან ახლა, ამ პროტესტის ნაწილი ვარ, 2 დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გავაუქმო კონცერტები და შემოთავაზებები. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ჩემი მდგომარეობით არავისთან, არასდროს ვმანიპულირებ, მაგრამ რეალობა ასეთია, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობები მაქვს აღებული - ესაა ოჯახის, საბანკო ვალდებულებები და ა.შ.
- და საკმაოდ სოლიდურ ჰონორარებზე თქვით უარი?
- ვთქვი უარი, რადგან ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ ამის გაკეთება შემიძლია, ამ ყველაფრის მიმართ ასეთი ტიპის სოლიდარობა გადავწყვიტე. მირჩევნია, ახალ წელს შევხდე ისე, როგორც ჩვეულებრივ დღეს, სამაგიეროდ მართალი ვიყო ჩემს თავთან და შვილებთან... როგორ შეიძლება ახლა ადამიანს ბედნიერების შეგრძნება გქონდეს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია, მაგრამ ამ ნაბიჯით კმაყოფილი ვარ, ამოვისუნთქე. მართლა მჯერა, რომ ჩემს თავთან მართალი ვარ. ასეთი შეგრძნება 2 თვის წინ არ მქონდა, სკეპტიკური აზრები მაწუხებდა, მე და ჩემს შვილს კამათიც კი მოგვდიოდა... ახლა მთელი შეგნებით, ჩემი ინტუიციითაც ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ბოლო ეტაპზეა. როგორც წესი, ინტუიცია იშვიათად მღალატობს ხოლმე.
- როგორც აქციაზე მყოფ ადამიანს რა მოთხოვნები გაქვთ - რა არის თქვენი სათქმელი?
- ახალ წლამდე უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, მათ შორის, ბავშვები, მათ შორის, ჩვენი მეგობრები. გაუგონარი მუხლით აქვთ ბრალდება წაყენებული. აუცილებელია, ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, სადაც ხალხის ნება დაფიქსირდება და არაფერი გაყალბდება. ნამდვილად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი. და მთავარი - ჩვენი მომავალი არის ევროპისკენ, ჩვენი შვილების მომავალი არის ევროპისკენ! გული მტკივა, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ადამიანებს როგორც რაღაც მასას ისე აღიქვამს, რომელთა მართვა მათთვის არაფერია. არ ადარდებთ, რას ფიქრობენ ადამიანები, მათთვის ისინი კონკრეტული ინდივიდები არ არიან... როდესაც მათ ნამოქმედარ გაუგონარ ამბებს ვისმენ, ვხვდები, რომ მართლა აგონიაში არიან...
- საზოგადოების დიდი ნაწილი 24-ე დღეა, ქუჩაშია... მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ქმედებისა, უკან არავის დაუხევია... ამას რით ხსნით?
- ქართველები ქუჩაში არასდროს გამოდიან სოციალური პრობლემების გასაპროტესტებლად, პროდუქტებზე ფასების დასაწევად, ან ხელფასების მომატების მოთხოვნით, რაც ევროპაში ხშირი ამბავია. ქართველებს წითელი მაშინ ენთებათ, როდესაც ვინმე მათ ეროვნულ საკითხებს ეხება... ამ ტალღას, რაც ახლა არის დაძრული, ვერ გააჩერებენ. გამორიცხულია. ეს კიდევ უფრო გაიზრდება. ჩემი აზრი, ამათ ეს ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყეს, მაგრამ ახლა უკან დასახევიც აღარ აქვთ. არადა, თავის გურუსთან შეთანხმებული ჰქონდათ, რომ საქართველო ლანგრით მიერთმიათ. თუ არადა, შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეჰქმნოდათ. რაღაცები მათ ფინანსურ საკითხებს და ოჯახებსაც შეეხო... საკითხი კი ისე დგას, რომ დათმობა მოუწევთ... ჩვენი შვილები ვალდებულები არ არიან, ვიღაცის ფინანსურ პრობლემებს შეეწირონ. არც ჩვენ დაგვიშავებია მათთვის რამე, ამიტომ თავიანთ საქციელზე პასუხი უნდა აგონ.
წყარო: ambebi.ge