WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მის მიმართ წარმოებულო საქმესთან დაკავშირებით:

“მივმართავ ქალბატონ ევა გოცირიძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს:

პატივი ვცეთ კონსტიტუციით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება.

ამასთან, აქვე განვმარტავ, რომ არათუ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ, არამედ არც პროკურატურა არ მედავება კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს.

ჩემს წინააღმდეგ ბრალი აგებულია 2025 წლის 4 ოქტომბრამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის ოქტომბერში გაკეთებულ განცხადებებზე, რაც არათუ ჩემი ბრალეულობის, არამედ სასამართლოსა და პროკურატურის ერთობლივად ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებაა.

ჩემს უდანაშაულობასთან დაკავშირებით გთხოვთ გაეცნოთ სახალხო დამცველის ამიკუსს, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებებს.

და ბოლოს: ასევე გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით სახარებიდან ცნობილ ქრისტეს ბრალმდებელ სინედრიონს, რომლის ერთმა უხუცესმა წევრმა სიხარულისგან სამოსიც კი შემოიხია, როცა თითქოს ქრისტესგან ღვთის გმობის მტკიცებულება მიიღო“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.