ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა 10 ნოემბერს გააკრიტიკეს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელმაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის დაფინანსებაში მონაწილეობისკენ - „კოლექტიური ვალდებულების“ აღებისკენ მოუწოდა.
წერილში, რომელსაც AFP-ი გაეცნო, მერცი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს უკრაინის დაფინანსების გეგმა მომავალი წლისთვის - რათა ქვეყანამ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს, და ეს იქამდე უნდა მოხდეს, სანამ გაერთიანება მომდევნო ბიუჯეტთან დაკავშირებულ უთანხმოებას გადაჭრის.
ბრიუსელის განცხადებით, 2027 წელს კიევს 70 მილიარდი ევროს (78 მილიარდი აშშ დოლარის) ოდენობის დეფიციტი ექნება, აქედან დაახლოებით 45 მილიარდი ევროს დაფარვა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
ევროკავშირის ხელმძღვანელ ანტონიუ კოშტასადმი წერილში მერცი აღნიშნავს, რომ „საერთო ვალდებულება - რომ თითოეული ჩვენგანი, გამონაკლისის გარეშე, სამართლიანი წვლილით შეუერთდება ამ დეფიციტის შევსებას — საკითხის მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა“.
სლოვაკეთის ნაციონალისტმა პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ ბრატისლავაში ჟურნალისტებს განუცხადა: „რასაც კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე მას არ დავემორჩილები“.
„ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ... (და) ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაგვაჩნია“.
ფიცომ, რომელიც კრემლთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაზე უარი თქვა.
სამშაბათს ბრატისლავაში ვიზიტისას, ჩეხეთის პრემიერმინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, რომლის ნაციონალისტური მთავრობაც უარყოფს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, მერცის ნათქვამს არ მიემხრო.
„არ ვიცი, რატომ ამბობს ამას“, - თქვა ბაბიშმა.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა გააძლიერა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს სახსრები მომავალი წლის ბოლომდე ამოიწურება.
სამშაბათს მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა „მთელი ევროპის ამოცანაა და არა მხოლოდ [ევროკავშირის] ცალკეული წევრი სახელმწიფოების“.
ბერლინში, უნგრეთის პრემიერმინისტრ პეტერ მადიართან ერთად გამოსვლისას, მერცმა განაცხადა, რომ „უკრაინის მიმართ პოლიტიკა სრულად უნდა აისახებოდეს ევროკავშირის ბიუჯეტში“.
მან აღნიშნა, რომ გასულ წელს სესხთან დაკავშირებით შეთანხმება „27 წევრი სახელმწიფოდან [მხოლოდ] 24-მა“ შეძლო, ხოლო ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი მასში არ მონაწილეობდნენ.
„ჩემი აზრით, ამ გზით სვლა კარგი არჩევანი არ არის“, - განაცხადა მერცმა.
მადიარმა აღნიშნა, რომ „კარგ მიდგომად არ მიაჩნია ევროკავშირის ბიუჯეტის (...) რაიმე ფორმით დაკავშირება სხვა საკითხთან“.
თუმცა, მან დასძინა, რომ მერცის პოზიციას „შანტაჟად“ არ მიიჩნევს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სამშაბათს კანცლერ ფრიდრიხ მერცს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების საჭიროებებს ამ თვეში გამართულ სამიტზე განიხილავენ, მას შემდეგ, რაც გერმანიის ლიდერმა ეს საკითხი ბლოკის გრძელვადიან ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს დაუკავშირა.
radiotavisupleba ახალი ამბები