სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ განწყობებსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე შექმნილ რეალობაზე:
“იმაში, რასაც ახლა დავწერ, ბევრი არ დამეთანხმება ალბათ, მაგრამ მაინც ვიტყვი.
IRI-ის რეიტინგებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის წილი გაცილებით მეტია, ვიდრე რომელიმე (და ერთად აღებული) ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლების (რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ჯამში ირჩევს 17-20%, ხოლო მიუკუთვნებელი ხმების წილი არის 38% (გარდა პოზიციისა „არ წავალ არჩევნებზე“). უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ/ოცნების ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის არგამჟღავნებისთვის სერიოზული დაბრკოლება არ გააჩნია. ჰოდა, მაღალი ალბათობით, ეს 36% (ან 39% თუ არჩევნებზე წამსვლელთა შორის დავითვლით) – ქ/ოცნების მხარდაჭერის ჭერია (ამ ეტაპზე!).
ხელისუფლება კი ცდილობს, რომ ოპოზიციური პარტიების გამოხატული მხარდაჭერა ოპოზიციური ამომრჩევლის სრულ მოცულობას გაუთანაბროს, მაგრამ ამ თვალთმქაცური პროპაგანდის სისუსტე ზედაპირზე დევს.
ჰოდა, მთავარი სათქმელი ახლა მაქვს: ნუ დავსვამთ ტოლობის ნიშანს ქ/ოცნების ამ ეტაპზე (!) ამომრჩევლებსა და ქ/ოცნების „ავთენტურ“ ამომრჩევლებს შორის. ქ/ოცნების პოლიტიკური ელიტის მდგრადობის ხარისხი ავტომატურად არ ვრცელდება ქ/ოცნების ამომრჩევლებზე. შეიძლება ახლა ვინმე ამბობდეს, რომ ქ/ოცნებას ირჩევს, მაგრამ ამ არჩევანში არ იყოს დარწმუნებული, ეჭვები ჰქონდეს. მეტიც: შეიძლება ვინმეს ქ/ოცნება სულაც არ მოსწონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ხმას აძლევდეს იმიტომ, რომ, მაგალითად, მშვიდობის გარანტად ის წარმოუდგენია.
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ის, ვინც დღეს ქ/ოცნების ამომრჩეველია, იმას ვეღარაფერს გააგებინებ და არჩევანს ვეღარ შეაცვლევინებ, რადგან ამაზე უარესი აღარაფერი მოხდება და თუ ვინმე აქამდე არ „განქოცდა“, არასოდეს „განქოცდება“. ამაზე უარესიც შეიძლება მოხდეს და ხელისუფლების მხარდაჭერა მისსავე ამომრჩევლების ნაწილშიც კი გადაისინჯოს.
იმის თქმა მინდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლები უნდა ელაპარაკონ არა მხოლოდ ე.წ. გადაუწყვეტლებს, არამედ ქ/ოცნების „რბილ“ ამომრჩევლებსაც. და თუ ვინმე ქ/ოცნების სასარგებლოდ რაიმეს აღნიშნავს, არ უნდა ჩამოვწეროთ როგორც „გამოუსწორებელი“ ან „მარადიული ქოცი”. ვიცი, რომ ეს მარტივად განსახორციელებელი არ არის, მაგრამ ადვილი კანგაცლილი მზესუმზირის ჭამაა.
ამის სანაცვლოდ, რა ხდება დღეს? ჩვენ გვაქვს პოლარიზაცია არა მხოლოდ ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის – ამას კიდევ ოპოზიციური ველის შიდა პოლარიზაციაც დაემატა, როდესაც ერთი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი მეორის „გაშავებითაა“ დაკავებული. ასე ვერ გაიზრდება ვერ ოპოზიციური ამომრჩევლების წრე და ვერც ის სინერგია მოხდება, რაც ოპოზიციური ამომრჩევლის გააქტიურებასა და თანამშრომლობას გამოიწვევს. საპირისპირო კი შეიძლება მოხდეს – გაიზარდოს ნიჰილისტი ოპოზიციური ამომრჩევლის წილი, რომელიც სახლში დარჩება და მხოლოდ სამზარეულოებში გამოუშვებს სკაბრეზულ ორთქლს ყველა მიმართულებით. ეს კი წყალს მხოლოდ ქ/ოცნების წისქვილზე დაასხამს“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
paraleli პოლიტიკა