საპატრიარქოს მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო, საპატრიარქოს ცნობითვე, 2024 წლის 25 დეკემბრით თარიღდება და ჩაწერილია ილია მეორის აღსაყრდებიდან (პატრიარქად კურთხევიდან) 47-ე წლისთავზე.
ვიდეოში 92 წლის პატრიარქი ილია მეორე ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში. ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ. და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა“.
„ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი. უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენით“, - ამბობს იგი.
ვიდეოში ჩანს, რომ იგი მღვდელმთავრებითაა გარშემორტყმული. ეპისკოპოსები, - რომლებსაც სამედიცინო პირბადეები უკეთიათ, - მას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრებიან და მის ნაამბობ ისტორიებს იხსენებენ.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, ოთხ იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დაბადების დღის მილოცვები მიიღო „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან. ამ დღეს მან საპატრიარქოში სტუმრებსაც უმასპინძლა.
ერთ-ერთმა მათგანმა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, საპატრიარქოში შესვლისას მედიასთანაც ილაპარაკა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა:
„რეგენტმა ორში საღამოს რომ მივედიო, რამდენიმე საათი არ გამომიშვა, ერთად ვიგალობეთო. საუბარი შეუძლია, გალობაც შეუძლია. ჩვენ ვიგალობეთ ერთად“.
წინა დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვის ვიდეო დამონტაჟებული იყო და წაშალა. თეოლოგების ნაწილმა განაცხადა, რომ დამონტაჟებულმა ვიდეომ აჩვენა, რომ „პატრიარქი უუნაროა მეტყველების მხრივ“.
3 იანვარს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში პატრიარქის ექიმმა თქვა:
„პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნორმალურად. ნახეთ ჩანაწერი, გიორგობას, ნათლობა რომ ჩატარდა, რამდენი ხანი და როგორ იქადაგა, ისაუბრა“.