აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, "რომლებიც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს".
"ჩვენ არ ვაანონსებთ სანქციებს ამ ტრიბუნიდან. როდესაც წარსადგენი გვაქვს სანქციები, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკვე დავუწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დავაწესეთ სავიზო აკრძალვები, ასევე მთავრობას შევუჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება.
ცხადად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს", - ამბობს მეთიუ მილერი.
ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მას ჰკითხა: "... [საქართველოსთან სტრატეგიული] ურთიერთობების შეჩერება დამნაშავეების სანქცირების გარეშე - ვის მხარეზე ხართ რეალურად?" - რაზეც მილერმა უპასუხა: "ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს".
30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - „საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“.
ეს მოჰყვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ დაძაბულობას რამდენიმე თვის განმავლობაში და გაუარესებულ ურთიერთობებს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ დეკემბერს „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.
აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პრინციპული მნიშვნელობა” არ აქვს, ამიტომ ახალ ადმინისტრაციას დაელოდებიან და „მასთან ისაუბრებენ ყველაფერზე“.
2 დეკემბერს აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა: „სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა“.