ყოფილი დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი:
,,თავის დროზე დავით ნარმანია რომ დასახელდა ქალაქის მერად, ერთმა ხელისუფლების მომხრე იუზერმა ფბ-ზე დაწერა: “მერად ვირჩევთ ნარმანიას, ამის მთქმელი ნარმალნია?” თუმცა, მალევე გაიგო, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იყო და საკუთარი ეპიგრამაც უმალვე დაარედაქტირა: “ნარმანია? ნარმალნია!”
ახლაც დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნო პერიოდში რომ ეთქვა ვინმეს, ბიძინა პრეზიდენტად ყაველაშვილს დაასახელებსო, ოცნების ერთგულ თუ ორგულ ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას სასაცილოდაც არ ეყოფოდა, რეებს იგონებს ოპოზიცია, სულ გამოჩერჩეტდნენო.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი პრეზიდენტად არც ახლა მოსწონთ, მაგრამ რახან ბატონ ბიძინას უნდა, ესე იგი ასეა საჭირო და თანხმობით ხომ ეთანხმებიან და ცდილობენ მოიწონონ კიდეც.
ისე, ნარმანია პროფესორი მაინც იყო, ეკონომიკის და თვითმმართველობის ექსპერტი და არსამთავრობო სექტორში ნამუშევარი, ამ უდიპლომო დეპუტატმა კი ძირითადად ყვირილით და გინებით დაამახსოვრა ხალხს თავი, მაგრამ როგორც ლაშა ნაცვლიშვილის ისტორიულ სპიჩში ითქვა, ბიძინა, როგორც უფალი, არა მარტო ერთია ქვეყანაზედა, არამედ ის ყველგან და ყველაფერშია და როგორც ადრე ნარმანიაში იყო, ისევეა ახლა ყაველაშვილშიც, კობახიძეშიც, მდინარაძეშიც, დიტო სამხარაძეშიც და ხარებაშიც. ეს ყველა თითქოს სხვადასხვა ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ერთია.
ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება. მის მმართველობით სისტემაში თანამდებობაზე ყოფნის აუცილებელი პირობაა ინდივიდუალობასა და პიროვნულობაზე უარის თქმა. თანამდებობის პირი ამ სისტემაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას ნების აღმსრულებელი და მეტი არაფერი, ამ სისტემისთვის ირაკლი ღარიბაშვილიც კი არ აღმოჩნდა მთლად შესაფერი, რადგან ის, გარდა იმისა, რომ სრულიად მორჩილი იყო მისი ბატონ-პატრონის, კიდევ საკუთარი სანათესაოს და საახლობლოს დაწინაურებასაც ცდილობდა, ანუ რაღაც პიროვნულობის მაგვარი მაინც ჰქონდა, თუნდაც ნეპოტისტურ-კორუფციული შეფერილობის.
ადოლფ ჰიტლერმა მიმართა ერთხელ თავის მომხრეებს: მე გათავისუფლებთ თქვენ იმ ქიმერისგან, რასაც ჰქვია სინდისიო. ის ხომ თვითონ იყო ყოველთა ნაცისტთა სინდისიც და ნამუსიც და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც ამ ტოტალიტარულ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ რას დაამსგავსა ბიძინა ივანიშვილის მსახურებამ ოდესღაც წარმატებული და ხალხის საყვარელი ფეხბურთელი კახა კალაძე, რას ამსგავსებს ასევე ხალხისთვის საყვარელ სპორტსმენებს ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს, რას ჰგვანან მისი გამპრავებელი “ანალიტიკოსები” და “ექსპერტები” და ა.შ. და ა.შ., სახელი მათი ლეგიონია.
რა შეიძლება ეშველოს ყველაფერ ამას? ვფიქრობ სანამ ეს ხელისუფლებაა, არც არაფერი. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არის სასიკეთო ცვლილებებისთვის არასაკმარისი, მაგრამ უცილებელი პირობა.“