„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მის გუნდთან შეთანხმებული იყო ბიზნესის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გადატანა, - რაც კანონმდებლობის დაცვით მოხდა და მთავრობის ინტერესი „ნდობის აღდგენა“ იყო. მისი თქმითვე, „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი აბსურდულია.
ირაკლი კობახიძემ 18 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩვენთან შეთანხმებული იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობიარობა… როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, ჩვენთან შეათანხმეს. ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით“.
მისი თქმითვე, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანეს 680 ტონა საწვავი.
„ფულის შოვნა არ ყოფილა მიზანი“
მისი თქმით, ინიციატივა მოდიოდა არა ბიზნესისგან, არამედ ოკუპირებული ტერიტორიებიდან:
„არ ვიცი, კონკრეტულად ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი. ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო დეფიციტის შევსება, რასთან დაკვშირებითაც მოგვმართა ბიზნესმა“.
„სავარაუდოდ, იქიდანაც [ინიციატორი] იყო ბიზნესი“, - თქვა მან დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად.
„შეიძლება, ბიზნესისთვის ეს იყოს ფულის შოვნა, თუმცა ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის ფულის შოვნა არ იყო მიზანი, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ეს იყო ერთადერთი მოტივი“, - განაცხადა კობახიძემ.
„აბსურდია, ისტერიკა აქვთ“
მან ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მომარაგებაზე“ საუბარი არასერიოზულია:
„რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“ - რუსეთის მოხმარება რაც არის, ამის 0.001 პროცენტია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია იმის თქმა, რომ რუსეთი მარაგდება ამ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში“.
„საუბარი იყო ბაზების მომარაგებაზე. ბაზები ჰგონიათ რომ ბორბლებზე დგას და აქეთ-იქით მოძრაობს. სრული აბსურდია ამაზე საუბარი. ნებისმიერ ბაზას თავისი მარაგი აქვს და ეს საწვავი მოიხმარება ძალიან იშვიათად, რადგან ბაზა არ არის მოძრავი ობიექტი, ის არის სტატიკური ობიექტი“, - თქვა მან.
მისი თქმით, ოპოზიციას - მათ, ვინც ამ საკითხზე კრიტიკა გამოხატა, - „აქვთ ისტერიკა“.
საწვავის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთში
- 12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა.
- „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა;
- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
- სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.
radiotavisupleba ახალი ამბები