WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი 6 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. თურქეთში გაეროს კლიმატის სამიტზე გამგზავრებამდე, იგი საქართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. ვიზიტი იმ პერიოდში ხორციელდება, როდესაც თბილისი და პეკინი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ცდილობენ. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ხან ჭენგი ჩინეთის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, ვინც კი ოდესმე საქართველოში ჩამოსულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგს და მის თანმხლებ დელეგაციას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრები „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

„აღსანიშნავია, რომ ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან და რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა, შესაძლებლობები, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით ურთიერთობების განვითარებისთვის“, – განუცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, „არამედ მთლიანად რეგიონისთვის“. ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხებ ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

ივნისში საქართველო და ჩინეთი „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე გადავიდნენ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2023 წელს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.

This post is also available in: English