WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ჩინეთში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა 18 ნოემბერს არ გაიმართება.

ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ. შეხვედრა უნდა გაიმართოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად.

"პეკინის დროით 21:34 საათზე თეთრმა სახლმა სამუშაო დღის დასრულებაზე გამოაცხადა. პუტინთან შეხვედრა საღამოს არ გაიმართება.

მანამდე პუტინის თანაშემწე უშაკოვი უშვებდა ორმხრივი შეხვედრის ოთხშაბათს, საღამოს გამართვის შესაძლებლობას" - წერს რაუფოღლუ.

ჩინეთის ქალააქ შენჟენში ხუთშაბათს დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის.

გავრცელებული მოლოდინით, განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი.

გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, პუტინს იმედი აქვს რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე მისთვის ხელსაყრელი პირობებით მოილაპარაკებს.

უკრაინა და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე მშვიდობაზე შეთანხმება არ უნდა შედგეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ ჩინეთს და აშშ-ს მოუწოდა რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ, რათა დასრულდეს უკრაინაში ომი - "მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის შედეგებით პუტინს არ შეექმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ გავლენის სფეროების დაყოფის პერიოდს ვუბრუნდებით".

გავრცელებნული ცნობებით, ტრამპი სი ძინპინთან და პუტინთან პირველ რიგში ატომური იარაღის საკითხის განხილვას გეგმავს.

გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს დასავლეთის სპეცსამსახურების შეფასებებს - რომ პუტინი "არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხებზე" და აპირებს სულ მცირე მთელი ზამთრის განმავლობაში გააგრძელოს საომარი მოქმედებები. ამ მონაცემებით, პუტინი ფიქრობს, რომ მისმა არმიამ შეიძლება უკრაინის აღმოსავლეთში ახალ წარმატებებს მიაღწიოს, ხოლო კიევზე მიტანილი დარტყმები უკრაინის მხარის წინააღმდეგობას დაასუსტებს.

გამოცემას მოაქვს სხვადასხვა წყაროს შეფასებები - რომ რუსეთი მძიმე დანაკარგებს განიცდის, მას სირთულეები აქვს სამხედროების გადაბირების პროცესში და მისი ეკონომიკა არასტაბილურია. თუმცა ომი პუტინს შესაძლებლობას აძლევს კვლავ შეზღუდოს კრიტიკა ქვეყნის შიგნით, და ეს მას ძალაუფლების გასამყარებლად სჭირდება.