მოტეხილობა. ჩამიტარდა ოპერაციაც“, – ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რეპორტიორი იხსენებს მისი დაკავების და პოლიციის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.
„29 ნოემბერი იყო, ჭიჭინაძის კუთხეში ვიდექი, რომ დავინახე, ნიღბიანი პირების ჯგუფი გამოცვივდა. ვიფიქრე, რომელიმე მოქალაქეს აკავებდნენ. დავიწყე უკან სვლა და ვცდილობდი, გადამეღო უფრო უსაფრთხო სივრციდან, როცა ხელი წამავლეს, მათ ცენტრში აღმოვჩნდი და მაშინვე დამიწყეს ცემა.
ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვარ. „ჰოდა ჟურნალისტი რომ ხარ, შენი ასე და ისეო“, შემაგინეს. მაგ დროს ჩამარტყეს და გავაცნობიერე, აზრი არ ჰქონდა, ვინ ვიქნებოდი, რა პროფესიის. მათთვის მთავარი იყო, რომ ვიღაც ეცემათ, თან დიდი მონდომებით. ცოტა ხანს მატრიალეს აქეთ-იქით, მირტყამდნენ მუშტებს.
ცდილობდნენ, ყველაფერი წაეგლიჯათ. მე მეკეთა ამოსაცნობი ნიშნები, ჩაფხუტი, აირწინაღი, მქონდა დიდი პრესბარათი, ორი ფოტოკამერა, რომლებიც წამართვეს. მერე ცემის კორიდორი გააკეთეს, წამიყვანეს დასაკავებლად და ამ კორიდორშიც ყველა მხრიდან მირტყამდნენ.
რამდენჯერმე ჩავიკეცე, ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. ვხედავდი, რომ უკანიდანაც მორბოდნენ, რომ ჩაერტყათ. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება, დიდხანს გამეძლო. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი მორჩა, ავიხედე და მაშინ მომხვდა ყველაზე მძიმედ ხელი, მერე დავინახე, რომ სახეში ფეხი ჩამარტყეს. დავეცი, გავითიშე რამდენიმე წამით. მერე ამათრიეს და პარლამენტის უკან გამიყვანეს.რომ გამოვფხიზლდი, მახსოვს, ის ვთქვი – მეტი აღარ შემიძლია, ნუ მცემთ, უბრალოდ დამაკავეთ-მეთქი.
განყოფილებაში ექიმებმა რომ შეგვხედეს, მოითხოვეს, რომ სასწრაფოდ გადავეყვანეთ. ერთ-ერთი დაკავებული ითიშებოდა, მე სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მალე გადამიყვანეს, ხელბორკილიც დიდხანს არ მომხსნეს, წყალიც არ მოუწოდებიათ. დაიწყეს ჩემი გაფორმება, მომცეს ოქმი, სადაც ეწერა ,,აღიარებითი ჩვენება” , თითქოს მე ვიგინებოდი ხმამაღლა და პოლიციას ვაყენებდი შეურაცხყოფას. ასეთი რამე ტყუილია. ხელი არ მოვაწერე და ამის მერე გადამიყვანეს კლინიკაში. თავზე მქონდა დაზიანებები, ჯერაც დაკვირვების ქვეშ ვარ, შესაძლოა, ჰქონდეს განვითარება. ყველაზე მძიმედ მქონდა ცხვირი – მრავლობითი მოტეხილობა. ჩამიტარდა ოპერაციაც“