თამარ სანაძე
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას _ უარი ეთქვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 28 ნოემბრიდანვე დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა რაიონში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ვითარება განსაკუთრებით მძიმეა თბილისში. ყველამ იხილა, როგორ უსწორდებოდა სპეცრაზმი წაქცეულ მომიტინგეებს. დაიწყეს ჩხრეკები ოპოზიციური პარტიების ოფისებში, დაჭერები, რასაც მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც ჩატარდა ჩხრეკა და პოლიციამ პიროტექნიკა ამიღო, აქციამ მშვიდობიანი ფორმა მიიღო.
თუმცა ამ განცხადების შემდგომ, 6-7 დეკემბრის ღამეს, ოლიგარქის სადამსჯელო რაზმებმა ალყაში მოქცეული დემონსტრანტები დაარბიეს და აქციის 48 მონაწილე დააკავეს. ნიღბიანებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა მოულოდნელად და უმიზეზოდ დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა სპეცრაზმი ჩადგა პირველი რესპუბლიკის მოედანზეც და ადამიანებს უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა. იჭერდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას. დარბევისას დააკავეს პოლიტიკოსები, მსახიობები, სტუდენტები, სამოქალაქო ქტივისტები, სტუდენტები და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. სპეცრაზმმა იძალადა არასრულწლოვნებზეც. აქციაზე დაიჭირეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი, ცოტნე კობერიძე, მას სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
6-7 დეკემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და საპოლიციო ძალების მიერ მის დაკავებაზე „ქრონიკა+“-თან საუბრობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ცოტნე კობერიძე:
_ ცოტნე, პირველ რიგში, გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ვითარებაში დაგაკავეს, სად წაგიყვანეს და რა ხდებოდა დაკავების პროცესში?
_ ახლა ნორმალურად ვარ, ძირითადად დასიებები და დაჟეჟილობები მაქვს. ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მოხდა აქციაზე. ვიყავი ჭიჭინაძის ქუჩაზე. ფარიანი რობოკოპების წინ გამოწეულები იყვნენ უფარო ადამიანები სპეციალური სამსახურებიდან. ხალხის საცემად წინ გამოწეული დაახლოებით ოცამდე პირი იყო. მათთან ახლოს მივიწიე. ყველაზე მშვიდად და ჭკვიანად ვიყავი ამ აქციაზე, რაც ცხოვრებაში ვყოფილვარ, ასეთი ოქსიმორონი მოხდა. მომვარდნენ, მომკიდეს ხელები, ჩამომართვეს მობილური ტელეფონი და ცდილობდნენ, კოდი მოეხსნათ, დამარტყეს მაგ დროს, მეუბნებოდნენ, მობილურის კოდი გვითხარიო. ცხადია, კოდი არ ვუთხარი, გამჩხრიკეს და ამის შემდგომ სხვა ხალხი მოიყვანეს, ისინიც ნაცემები იყვნენ. ასე ერთად ვიდექით დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ დაიწყეს საუბარი, მეხუმრებოდნენ, დამცინოდნენ, _ აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო? ცოტა დაწყნარდნენ, დამშვიდნენ და იდგნენ. მერე არ ვიცი, ვინმემ უთხრა თუ რა მოხდა, ხელი მომკიდეს და დემონსტრაციულად, ჭიჭინაძეზე, შუა ქუჩაზე დამაყენეს და დამიწყეს ცემა. ძირს დამაგდეს და მირტყამდნენ ფეხებით. ცემა დაახლოებით ერთი წუთი გრძელდებოდა.
ამ დროს მოვიდა პოლიცია, ნიღბიანებს უთხრა, რომ ნუ ურტყამთ ასეო და ჩემი თავი გამოწიწკნეს სპეცრაზმელებს. პოლიციელმა, ვინც ოქმი გააფორმა, მიშველა რეალურად. ამ ყველაფრის შემდგომ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშებიან შენობაში და როცა გაიგეს, რომ ჯერ კიდევ მანდატი არ შეუჩერებიათ ჩემთვის და ჯერ კიდევ პარლამენტარი ვარ, ჩემი გაშვება უწევდათ და დამაწერინეს ხელწერილი. ველოდებოდი მობილურს, რომელსაც არ მაძლევდნენ დიდი ხნის განმავლობაში. გადაყარეს ჩემი ყურსასმენები, ტელეფონი დამიბრუნეს და გამომიშვეს.
სანამ გამოვიდოდი, ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ჩემზე მეტად ნაცემები იყვნენ, ასევე შედარებითით ნაკლებად ნაცემებიც იყვნენ. ოჯახის წევრებმა ამ ადამიანებზე არაფერი იცოდნენ, მე შევეცადე დამემახსოვრებინა მათი სახელები და გვარები, რომ მეთქვა მათი ოჯახის წევრებისთვის. ისინი გადაიყვანეს დაკავების იზოლატორში. მე გამომიშვეს, გარეთ გამოვედი და ტელეფონში ვუყურე დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, რომ გამეგო, რა ხდებოდა, სანამ დაკავებული ვიყავი.
_ აქციის დაწყების დღიდან ყოველდღე სასტიკად არბევდნენ დემონსტრანტებს, შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ „ოცნება ამ გზას მიმართავდა იმიტომ, რომ აქციის მონაწილეები ძალადობდნენ სამართალდამცველებზე სხვადასხვა საშუალებით, ჩვენ ამოვიღეთ პიროტექნიკა და დემონსტრაცია გახდა მშვიდობიანიო. თუმცა ვიხილეთ სასტიკი დარბევა. რამ აიძულა ხელისუფლება, რომ ასეთი მძიმე მეთოდებით ემოქმედა?
_ მგონია, რომ ირაკლი კობახიძე უბრალოდ არ არის ნორმალური ადამიანი თავისი ფსიქიკით. გასულია ეგ ადამიანი. თავისი განჩინებითაც და ქმედებითაც და გაცინებითაც, ასევე მისი განცხადებებიდან გამომდინარე, რთულია ამ ადამიანზე ვიმსჯელოთ. სერიოზულად ავად მგონია ეგ პიროვნება.
ხოლო რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ გააკეთეს ეს ყოველივე და რატომ განაგრძეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მგონია, რომ რობოკოპებს გაუვრცელდათ პირადი ინფორმაცია, ყველამ ნახა, თუ ვინ იყვნენ ისინი, ნახეს სახელები და გვარები, საზოგადოებამ ნახა მათი სოციალური ქსელები, მათი ფოტოები, შემდეგ უკვე ამ სპეცრაზმელებმა დაგუგლვები და ფეისბუქის გაუქმებები რომ დაიწყეს, სწორედ ამაზე შურისძიებისთვის მისცა ხელისუფლებამ პლაცდარმი, რომ მიდით, შეუბერეთ, რაც გინდათ, ის გიქნიათ, ვისაც როგორც გსურთ, ისე მოექეცითო და ამის გაკეთება უნდოდათ, გული მოიოხეს. ასე მგონია.
_ ჩვენ უკვე მეათე დღეა ვხედავთ უწყვეტ პროტესტს ქუჩაში: არც მუხტი ეცემა, არც ხალხის რაოდენობა იკლებს, რა შეიძლება ითქვას პროტესტის მეათე დღეს და რა ნახა „ოცნებამ“ ამით?
_ ერთი ვნახეთ ის, რომ ხალხი უბრალოდ შაბათ-კვირას კი არ დასეირნობს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეიცვალა ცხოვრების სტილი და სხვა სასაათო ზოლში სხვა წესრიგით დაიწყო ცხოვრება მთელმა თბილისმა. უკვე აქციები იწყება რუსთაველის გამზირზე და ვაჟა-ფშაველამდე დევნიან მომიტინგეებს. ასეთ კინოში გვიწევს ცხოვრება.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ამაზე, „ქოცმა“ ეს პროტესტი ვერ გააშავა ვერც „ნაცობით“, ვერც თავისივე გამოგონილი გლობალური ომის პარტიით და ვერც მსგავსი რიტორიკით და უწევს ხალხთან პირდაპირ ფიზიკურად გამკლავება, ეს არის და ეს.
არ ვიცი, რა და როგორ მოხდება მომავალში. ვფიქრობ, არავის შეუძლია ამაზე პროგნოზის ან ვარაუდის გამოთქმაც კი, იმიტომ რომ აწმყოში ვართ ყოველი დღე ახალი რეალობის აღმომჩენები და შეუძლებელია, ამისთვის წინასწარ იყო მზად, რადგან ეს არის პირველი გამოცდილება. ასეთი ქმედებების მნახველები არასოდეს ვყოფილვართ, რაც ახლა ხდება ქუჩაში.
_ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტის მიუხედავად, საგამოძიებოს სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რისი ჩვენება უნდა ამით „ოცნებას“?
_ ამ ქმედებით, დაუსჯელობით, ხელისუფლება ეუბნება ამ ბიჭებს, საპოლიციო ძალებს, რომ მიდით, ურტყით, ცემეთ, მწვანე გექნებათ ყველაფერზე ანთებულიო, ჩვენები ხართო. აი, ეს არის. ძაღლს ყოველთვის უნდა გადაუგდო თავისი ლუკმა, რომ მერე ხელზე არ გიკბინოს და მათი ლუკმა არის ძალმომრეობა, ამასთან ერთად ხელშეუხებლობა, რომ იყვნენ ასე „გაბლატავებულები“ _ ცხოვრების ასეთი უმოწყალო და ველური სტილი რომ შეინარჩუნონ, იმ პირობით, რომ მათ არავინ არასოდეს არ დაიჭერს. სწორედ ამიტომ ბევრად უფრო გავეშებულები არიან, ამგვარადაც მოქმედებენ, რადგან მათ არავინ აგებინებს პასუხს.
The post ცოტნე კობერიძე: „ოცნებამ“ ეს პროტესტი ვერც „ნაცობით“, ვერც „გლობალური ომის პარტიით“ ვერ გააშავა და უწევს ხალხთან ფიზიკურად გამკლავება“ appeared first on QronikaPlus.