"კვირის პალიტრა" ქართველი რეჟისორის და კინომსახიობის ლევან წულაძეს განცხადებას აქვეყნებს:
"დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, ყველამ თავისი სიტყვა უნდა თქვას, თუკი ამის სურვილი აქვს, მაგრამ ერთი კია, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, უკვე ძალიან მაგარი რამე მოხდა, ახალი თაობის გარდა, ბევრი ძალიან აქტიური თანამოქალაქე გვყოლია. ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ნებისმიერმა უნდა გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია, თუ არადა, ის მკვდარია. დიახ, ცოცხალი გვამებიც არსებობენ, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო. გულწრფელად გამიხარდა, რომ არ სძინავს ქართველი ხალხის უმრავლესობას, გამოდის და იბრძვის. 9 აპრილი მახსენდება. როდესაც დილით მივედით იქ, სადაც წინაღამეს სისხლი დაიღვარა, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანში იყო უზარმაზარი ბრაზი, ტკივილი და აღელვება, მაგრამ ჩემშიც და ყველა ჩემს მეგობარში იყო საოცარი სიმშვიდე, მივხვდით, რომ ეს დამთავრდა. კომუნისტების ამბავი დამთავრდა, მართალია, დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაშინ ამით დამთავრდა. ეს შეგრძნება მაქვს ახლაც, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ და ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური საკითხი, ეს ეროვნული საკითხია, უკვე გასცდა ნებისმიერი პარტიის ინტერესს.აქ უკვე სხვა თამაშის წესები შემოდის. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ყველაზე მორიდებულმა ხალხმაც კი ხმა ამოიღო, იმიტომ, რომ აღარ შეუძლიათ.გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებმა თავისი სიტყვა თქვეს, სტიმული მისცეს ძველგაზრდებსაც, საერთოდ, ყველა თაობას, გამოგვაღვიძეს და იმედი გაუღვიძეს დანარჩენებსაც.
მთელი მსოფლიო შეიცვალა. სადღაც რაღაც ინახება, სადღაც რაღაცები კვდება, იცვლება და არა ყოველთვის სიკეთისკენ. პროგრესი არ ნიშნავს აუცილებლად სიკეთეს და განვითარებას. ის ჯერ ჯოჯოხეთში ჩასვლას ნიშნავს, რასაც ახლა გავდივართ.
გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად გადაიქცევიან ხოლმე. მერე გვიკვირს, ეს რატომ მოხდა, გვიჭირს საკუთარი პოზიციის უარყოფა და შემდეგ ეს ყველაფერი უამრავ ადამიანურ და ცხოვრებისეულ დრამებს ბადებს.ამიტომ ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები! ვუყუროთ მათ კრიტიკულად! ხომ ხედავთ, რომ სულ ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ.ჩემი ბოლო სპექტაკლი 1924 წლის აჯანყებას ეხება. 1924 წელი რეპრესიების პირველი პიკი იყო, პირველი დიდი ტალღა, რომელიც აჯანყებას მოჰყვა. ეს სპექტაკლი არ ეყრდნობა ისტორიულ ქრონიკას, იმ ადამიანების ბედზეა, რომლებიც ამ მოვლენებს ემსხვერპლნენ. ეს სპექტაკლი ასახავს ყველა იმ ამბავს, რაც ჩემს თუ ჩემი მეგობრების ოჯახში მომხდარა. ყველა ამბავი ნამდვილია. მათი აჩრდილები ქმნიდა ჩვენს ბავშვობას. ნახევარს მაინც ბებია-ბაბუები არ გვყავდა. კარგა ხანია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს დამედგა. თურმე ის ამბავი, რაზეც ოცნებობდა ის თაობა და რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, არ დამთავრებულა. ის იმპერია, რომელიც 200 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას თრგუნავს, არ გვიშვებს ხელს და მისგან გამოსვლისთვის ბრძოლა გრძელდება. არა მხოლოდ ჩვენ, მთელ სამყაროს მოუწევს ბრძოლა ამის დასასრულებლად. ყველა იმპერია, ადრე თუ გვიან, დასრულდა და დასრულდება. მიზნად არც გვქონია პირდაპირ ხიდი გაგვედო წარსულსა და აწმყოს შორის, მაგრამ პარალელები თავისთავად გაჩნდა. ეს ესტაფეტა ჩვენ გადმოგვეცა. პიესაშიც ამბობენ გმირები, ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები დაამსხვრევენ ამ იმპერიასო. ჩვენ ვართ დღეს ის შვილები და შვილიშვილები. აღმოჩნდა, რომ თაობებს შორის წყვეტა არ ყოფილა. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ცოტა ჰიპერბოლიზებულია, მაგრამ ეს მეც მეგონა მათ ასაკში. როცა ვკითხულობდი, როგორ აწამებდნენ ხალხს მეტეხის ციხეში, მეგონა, რომ ცოტას ამეტებდნენ. თურმე არა.
ქართველი ადამიანი საოცრად მიდრეკილია სცენისადმი, მიდრეკილია, რომ თამამად გააშიშვლოს თავისი შინაგანი სამყარო სხვების წინაშე. უამრავი რამ აქვს მოსაყოლი, იმიტომ, რომ სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. ახალგაზრდობამ სიცოცხლის გემო იცის. ძალიან ბევრი გამოცდილება აქვს სიყვარულშიც, უიღბლობაშიც, ბრძოლაშიც, აღელვებთ ცხოვრება და ბევრი აქვთ მოსაყოლი.
იმედია, კიდევ გამოჩნდებიან სხვა ბევრიც. თუ მსახიობმა ამოიღო ხმა, მაშინ მალე სხვებიც ამოიღებენ. ჩვენ უნდა დავამთავროთ ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმე. სპექტაკლისთვის საგანგებოდ ავარჩიე ახალგაზრდები, რადგან ზუსტად ასეთი ახალგაზრდები ქმნიდნენ ისტორიას. არ მიყვარს, როდესაც თეატრი საჭირბოროტო საკითხების დღიურად გადაიქცევა. ამისთვის გაზეთი ჯობს. თეატრმა რაღაცის გადაფასება უნდა მოახდინოს, ცოტა მისტიკაცაა საჭირო. 100 წლის წინანდელ ამბავს რომ უამბობ მაყურებელს და ამით დღევანდელობასაც ეხმიანები, ეს არის ჩემთვის ორმაგად საინტერესო, ვიდრე უბრალოდ რომ მომეყოლა, რა ხდება ქუჩებში და ასე შემდეგ. ეს უკვე გამოვიარეთ 9 აპრილის შემდეგ. დამოუკიდებლობის პირველ წლებში თეატრები დაცარიელდა, იმიტომ, რომ თეატრმა გადაწყვიტა აჰყოლოდა ფეხის ხმას და დაედგა ის, რაც ხდებოდა ქუჩაში, მაყურებელმა კი თქვა, ჩვენ უკეთესად ვიცით, რა ხდება იქო, და დაცარიელდა თეატრები.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ახალგაზრდების შემართება უკვალოდ არ ჩაივლის, მათი ხმა დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მარტივი საკითხია - ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. უკან რუსეთი და აღმოსავლეთია. ეს ის რუსეთი არ არის, რომელიც ათი წლის ან თუნდაც სამი წლის წინ იყო. ეს უკვე სხვა სახელმწიფოა, რომელიც მრავალწლიან ომზე გადაეწყო. დღეს მხოლოდ ჩვენს თავზე, ოჯახზე ან ხელფასზე ფიქრით არ განისაზღვრება ჩვენი შვილების მომავალი. დღეს ცოტა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, გავიხედოთ, გამოვიხედოთ და ისე გამოვიტანოთ დასკვნა, იმიტომ, რომ ეს ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენი მომავალი კი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია!" - ამბობს ჭოლა.