“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ვასო ურუშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის კონკრეტულ განმარტებებს ეხმაურება, როცა დედაქალაქში შექმნილი საცობების ერთ-ერთ მიზეზად კერძო ტრანსპორტის სიმრავლე დაასახელა:
“თბილისის მერმა თბილისელებს დასდო ბრალი, საცობები თქვენს გამოაო, ბევრნი ხართ ძალიან, 900 ათასი ავტომობილი გადაადგილდება თბილისში, თანაც პიკის საათშიო. ძალიან მაინტერესებს როგორ დაითვალა?
ცხადია ტყუილია, 900 ათასი ავტომობილი თბილისში და თანაც პიკის საათში არ გადაადგილდება.
2025 წლის ბოლოს საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თბილისში აქტიური სტატუსით დაახლოებით 855 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, მათგან დაახლოებით 767 ათასი მსუბუქი (M1) კატეგორია.
ეს ციფრიც არ არის ზუსტი, რეალური რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია, რესგისტრირებული ავტომობილების გარკვეული ნაწილი უკვე ძალიან ძველია და ამორტიზირებულია, ბევრიც დაზიანებული, ან სულაც დაჭრილი და ნაწილებად გაყიდული, მაგრამ ჯერ კვლავ რჩება რეგისტრირებულთა სიაში, რაც ცალკე პრობლემაა.
რეალური სახელმძღვანელო უნდა იყოს ავტომობილები, რომლებიც გადიან სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, რაც ადასტურებს, რომ ავტომობილი ექსპლუატაციაშია და აქტიურია. ამ რიცხვების გამოთვლაც შეიძლება.
ამ ფონზე ძალიან არასერიოზულად ჟღერს განცხადება, რომ თბილისში 900 ათასი ავტომობილი გადაადგილდება და თანაც ყველა ერთ დროს, პიკის საათში.
საცობის მთავარი გამომწვევი მიზეზია არასწორად ორგანიზებული საგზაო მოძღაობა, განუვითარებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკირება, ჭკვიანი შუქნიშნების არარსებობა და საგზაო მოძრაობის გასული საუკუნის მეთოდოლოგიით ორგანიზება.
ცნობისთვის, თბილისი არის 720 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა 1 331 485, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია.
სინგაპური არის 719 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა 6 089 541, ქალაქში გადაადგილება ერთი დიდი სიამოვნებაა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთი და იგივე ფართობზე შეიძლება ცხოვრობდეს 1.3 მილიონი ადამიანი და იტანჯებოდეს, ასევე 6 მილიონი ადამიანი და ტკბებოდეს ცხოვრებით.
ცუდად ცხოვრებას განაპირობებს კორუმპირებული ხელისუფლება და მატყუარა, თაღლითი პოლიტიკოსები.
არც ბევრი ავტომობილია პრობლემა და არც ბევრი ადამიანი, პრობლემა კორუმპირებული მთავრობაა. რომელიც მუდამ გატყუებთ და თავს გახვევთ მცდარ მონაცემებს“, – წერს ვასო ურუშაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა