ცხინვალმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულების შესახებ ნიშნავს, რომ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა „ქვეყანას უნდა დაეკისროს“.
9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქართული ოცნების“ ლიდერების, კერძოდ, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადებები მოიშველია, სადაც სააკაშვილს „სამხედრო აგრესიაში“ პასუხისმგებლობა ეკისრება. „სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მას ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, ამავდროულად ახორციელებდა ანტიოსურ და ანტიაფხაზურ პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც მის პოლიტიკას ახორციელებდნენ“.
იმავე განცხადებაში, დე ფაქტო უწყებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადება გააკრიტიკა და „ალოგიკური“ უწოდა თბილისის მხრიდან რუსეთისგან „მისი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის“ შეწყვეტის მოთხოვნას.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად ტენდენციური და რეალობას მოწყვეტილია“, – განაცხადა დე ფაქტო უწყებამ და დასძინა, რომ „რუსეთი იყო და რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად და ორმხრივ ურთიერთობებს მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს“. განცხადებაში თბილისს მოუწოდებენ, „თავი შეიკავოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობისგან“ და „უფრო კონსტრუქციული პოზიცია“ დაიკავოს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები