ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ორი გამშვები პუნქტის მუშაობის გრაფიკი ფართოვდება, ხოლო ახალგორისა და ჯავის რაიონების გარკვეული დასახლებების მაცხოვრებლების ახლო ნათესავებს შესვლის პროცედურები გაუმარტივდებათ, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 20 აგვისტოს.
ამავე ინფორმაციით, გრაფიკის შეცვლის გეგმები რეგიონის ე.წ. „უსაფრთხოების საბჭოს“ სხდომის შემდეგ გამოცხადდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივებმა არაერთხელ წამოჭრეს „საზღვრის გადაკვეთის“ საკითხი საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად.
კამბოლოვმა განაცხადა, რომ მან რეგიონის ე.წ. უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა სტრუქტურებს ამ საკითხზე მუშაობა დაავალა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება „უპირობო“ პრიორიტეტად დარჩება.
2022 წლის აგვისტოდან, ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად:
- ე.წ. მოსაბრუნის (ოძისის) გამშვები პუნქტი, რომელიც ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ახალგორის რაიონს თბილისის მიერ კონტროლირებად მცხეთის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, კვირაში ოთხი დღე – ხუთშაბათიდან კვირამდე – დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.
- ე.წ. პერევის გამშვები პუნქტი, რომელიც ოკუპირებულ ჯავის რაიონს თბილისის მიერ კონტროლირებად საჩხერის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, კვირაში სამი დღე – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს – ასევე დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.
გარდა ამისა, ახალგორისა და ჯავის რაიონების გარკვეული დასახლებების მაცხოვრებლების ახლო ნათესავებს „შესვლისა და დროებითი ყოფნის პროცედურები გაუმარტივდებათ“.
ცვლილებები მას შემდეგ შევა ძალაში, რაც დე ფაქტო მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები