სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ახსარ ჯიოევის განცხადებით, რეგიონს ბელარუსთან თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები აქვს ისეთ სფეროებში, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის.
მისი თქმით, მსგავსი კონტაქტების ჩამოყალიბება და გაფართოება თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს, ბელარუსის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ამ დრომდე არ აქვს აღიარებული.
ამასთან, ჯიოევით თქმით, “სამხრეთ ოსეთსა და ბელარუსს საერთო ღირებულებები და ისტორიული კავშირები აქვთ”, რაც, მისი შეფასებით, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
„პროცესი, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა გვესმის და პატივს ვცემთ ბელარუსის ოფიციალური ხელისუფლების პოზიციას. ბელარუსი ხალხი, ისევე როგორც რუსი ხალხი, იმ ხალხებს მიეკუთვნება, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს ინარჩუნებენ და ეს გვაერთიანებს. ეს სამხრეთ ოსეთისთვისაც არ არის უცხო. ბელარუსში, ბრესტში ყოფნისას, ეს ძალიან კარგად ჩანს იმ დამოკიდებულებიდან, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ძეგლების მიმართ ავლენს. იქ დაკრძალულია ჩვენი ოსი მოსახლეობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ბელარუსის გათავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღეს“, – განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, მსგავსი ისტორიული და ღირებულებითი კავშირები თანამშრომლობის განვითარების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ჯიოევის განცხადებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები არსებობს სპორტის, კულტურისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
მისივე ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებმა ბელარუსში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა უკვე მიიღეს. ამასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს 2008 წლიდან რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებაში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
netgazeti