საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად 3 სექტემბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუსის განცხადებაში არ არის ნახსენები პირების ვინაობა, თუმცა ცხინვალის რეგიონში არსებული საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ 1990 წელს დაბადებულმა გიორგი ჟუჟნიაშვილმა და 1994 წელს დაბადებულმა დიტო მურადაშვილმა „განზრახ გადაკვეთეს“ „სახელმწიფო საზღვარი“ სოფელ „ამძარინის“ მახლობლად, რაც ოსურად წინაგარის სახელწოდებაა.
სუს-მა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან „უპირობო გათავისუფლების“ საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.
„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში,
2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, სუს-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად დაკავების 34 შემთხვევა, ხოლო აფხაზეთში 40 დააფიქსირა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები