ცხინვალის საუკოპაციო რეჟიმმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

4 weeks ago 4

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ორ მოქალაქეს, ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს, რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლები არიან, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია 5 იანვარს გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერმა დავით ქაცარავამ. მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებს საოკუპაციო ხაზის კვეთაში ედავება.

გასული თვის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მახლობლად. თუმცა სუს-ს დაკავებულთა სახელები არ უხსენებია. უსაფრთხოების სამსახურმა ასევე თქვა, რომ ინფორმაცია უკანონო დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) განცხადებით, სამსახურმა “ჩაშალა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეების, მცდელობა, უკანონოდ გადაეყვანათ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ვლადიმირ ანზოროვიჩ მამარდაშვილი, 1999 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონა მიატოვა.”

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქემ, ადგილობრივებთან ერთად, “მამარდაშვილს დაეხმარნენ სამხრეთ ოსეთში ჩასვლაში, იქ დროებითი საცხოვრებლის მიღებაში, რისთვისაც მას ცხინვალის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ყალბი რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი, ხოლო შემდეგ, 24 დეკემბერს, საოკუპაციო ხაზთან ჩაყვანაში,” რის შემდეგაც მას უნდა დახმარებოდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაში გადასვლაში.

ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა ასევე თქვა, რომ 1972 წელს დაბადებული ალექსი მამულია და 1974 წელს დაბადებული ვანო ჯაფიაშვილი სავარაუდოდ ელოდებოდნენ მამარდაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შემდეგ კი “ისინი გეგმავდნენ გაქცეულ ჯარისკაცთან ერთად უკან იმავე გზით დაბრუნებას.”

ამავე განცხადების თანახმად, დე-ფაქტო რეჟიმმა “დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ა.ზ. მამულიასა და ვ.შ. ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში ედავებიან, რაც “წინასწარი საიდუმლო გეგმით ჯგუფურად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას” გულისხმობს. ცხინვალის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი გამოძიების პერიოდში დაკავებულები პატიმრობაში იქნებიან.” განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვლადიმირ მამარდაშვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და სავარაუდოდ სამხედრო დეზერტირი, რუსეთის სამართალდამცავ უწყებებს გადაეცემა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა