ცხინვალის დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები „ზეწოლას“ ახდენენ სირიის ახალ ადმინისტრაციაზე, რათა დამასკომ შეცვალოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თაობაზე. ამავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღიარების გაუქმებისკენ მიმართული ასეთი მცდელობები სიახლეს არ წარმოადგენს 2024 წლის დეკემბერში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განცხადებებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან და მის წევრებთან „შესაძლებლობების განვითარებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად და ერთობლივად იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პატივისცემის უზრუნველსაყოფად“.
ევროკავშირის სახელით სახალხო ასამბლეის პირველი სხდომის დროს გამოქვეყნებული განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს სოციალურ მედიაში გაავრცელა, სადაც დააკონკრეტა, რომ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვა მოიცავდა „ასადის დროინდელი იმ გადაწყვეტილებების გაუქმებას, რომლებიც აღიარებდა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“. თუმცა, კალასს ეს თავის განცხადებაში უშუალოდ არ უხსენებია.
„ევროკავშირის ასეთ რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად მივიჩნევთ“, – განაცხადა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 21 ივლისს და დასძინა, რომ „მართალია ევროკავშირი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულია, პრაქტიკაში ის ცდილობს დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და რომელი გააუქმოს“.
დე ფაქტო სამინისტროს თქმით, სირიის მიერ 2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების აქტი იყო, რომელიც „ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებას“ ეფუძნებოდა.
„ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით იქნა მიღებული და გარე ძალების ზეწოლით გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და დასძინა, რომ „ბრიუსელის მცდელობები, გამოიყენოს ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტები სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გადასახედად, უშედეგო და კონტრპროდუქტიულია“.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარცისმა, 21 ივლისს განაცხადა: „საიდუმლო არ არის, რომ 2024 წლის ბოლოს სირიის არაბთა რესპუბლიკაში განხორციელებული სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაციის შემდეგ, საქართველოს ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს, რომ სირიული მხარის პოზიციაზე გავლენა მოახდინოს, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით“.
„ასევე იყო მცდელობები, რომ სასურველი შედეგისთვის თურქეთის ხელმძღვანელობის მეშვეობით მიეღწია“, – აღნიშნა ბარცისმა და დასძინა: „როგორც ვიცით, არცერთი ეს მცდელობა არ იყო წარმატებული. ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ სახელმწიფოთაშორის პარტნიორულ ურთიერთობებს სირიის არაბთა რესპუბლიკასთან“.
ბარციცის თქმით, კალასის განცხადება „მიკერძოებულია“ და მის მიერ გაეროს ქარტიაზე მითითება „ცალმხრივია“, რადგან, მისი თქმით, ქარტია ასევე ითვალისწინებს ხალხების თვითგამორკვევის უფლებას.
This post is also available in:

1 week ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·