რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში 2008 წელს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე“ საქართველოს მიერ „პასუხისმგებლობის ოფიციალურად აღიარებად“ შეაფასეს „წულუკიანის კომისიის“ მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული დასკვნის ის ნაწილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას თბილისში ამ კვირაში გამოქვეყნებულ დასკვნაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, თუმცა მის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „რესმა“, რომელიც ე.წ. ინფორმაციისა და პრესის კომიტეტს ექვემდებარება, 4 სექტემბერს, საღამოს გამოაქვეყნა „ანალიტიკური მასალა“, სახელწოდებით: „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებაზე 2008 წელს“.
რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა სადავო პარლამენტმა განიხილა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა და დადგენილება მიიღო.
„რესის“ ტექსტის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ თბილისში გაჟღერდა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში წლებია ელოდნენ“.
„რესს“ მოჰყავს კომისიის ხელმძღვანელის, „გამოცდილი იურისტის“, თეა წულუკიანის ბიოგრაფია და ხაზს უსვამს, რომ ის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელიც იყო და კომისიის მუშაობის ამსახველი ვიდეოჩანაწერების მიხედვით, „საკმაოდ პროფესიონალურად, მკაცრად და ხისტადაც კი“ აწარმოებდა „დაკითხვებს ან საუბრებს სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულთან კავშირის მქონე პირებთან“.
„რესის“ ტექსტში მოყვანილია ზოგიერთი ადგილიც „წულუკიანის კომისიის“ დასკვნიდან, მათ შორის ის, რომ „სააკაშვილის რეჟიმის“ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს უარყვეს „გენერალიტეტის მიერ შემუშავებული პროფესიონალური სამხედრო გეგმა“ და „ცხინვალზე შეტევის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს“.
ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ „საბოლოოდ გაიფანტა წლების განმავლობაში დასავლეთში კულტივირებული მითი რუსეთის აგრესიის შესახებ. ომი დაიწყო საქართველომ“.
„რესი“ თავის ტექსტს იმით ასრულებს, რომ „საქართველოს პარლამენტის კომისია უფრო პატიოსანი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთის პოლიტიკოსები, რომლებიც თითქმის 20 წელი იმეორებდნენ მანტრას 2008 წლის ომში თითქოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დანაშაულის შესახებ“.
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულმა სადავო პარლამენტმა 4 სექტემბერს განიხილა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა და დადგენილება მიიღო.
დადგენილების იმ ნაწილში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, ნათქვამია, რომ „ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ღალატში, რუსეთის პოზიციის გაზიარებასა და მისი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.