ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე არასამთავრობოების სამოქმედო გეგმის განხილვას „ქართული ოცნება“ არ დაესწრო

9 months ago 7

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დეტალური ხედვა შეიმუშავა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, ამ პროცესის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ.  

პირველი ასეთი შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან 12 მარტს გაიმართა და სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; სტრატეგია აღმაშენებელი; გირჩი – მეტი თავისუფლება; დროა; ლელო საქართველოსთვის; საქართველოსთვის; ანა დოლიძე – ხალხისთვის; ახალი; საქართველოს რესპუბლიკური პარტია; და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

მმართველი პარტიის წევრები შეხვედრას არ დაესწრნენ და მას „ნაცური შეკრება“ უწოდეს.

„დაგვიბარეს და არ მივედით. რამდენი ენჯეო ცხრა დათქმაზე ილაპარაკებს თავისით, იმდენი იქ თუ ვირბინეთ, ცხრა დათქმა დაგვრჩება შეუსრულებელი გვერდზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მოუწოდა მათ, რომ სანაცვლოდ „სადაც მიდის ამაზე რეალური მუშაობა, იქ მობრძანდნენ და იმუშავონ“.

„ნაცურ შეკრებებზე თუ არ ვივლით, ძალიან დიდი ბოდიში“, – დასძინა მდინარაძემ.

კოალიცია მომავალშიც გეგმავს სამუშაო შეხვედრების გამართვას დაინტერესებულ მხარეებთან. კოალიციის თქმით, „სამუშაო შეხვედრების მიზანია 9 ნაბიჯის შესასრულებლად გასატარებელი რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ხედვის გაზიარება და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა“.

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში მრავალპარტიული დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (EECMD) მხარდაჭერით გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა