ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხაშურის კრიმინალური პოლიციის დეტექტივს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება პოლიციელ ნ.ნ-ს ძალადობის 6 ეპიზოდს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, შსს-ს თანამშრომელმა ცოლს სამსახურებრივი იარაღი შუბლზე დაადო და მოკვლით დაემუქრა.
„ბრალდებულის კუთვნილ მერსედესის ტიპის ავტომანქანაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელი სახეში გაარტყა და მარჯვენა ხელი გადაუგრიხა მის მეუღლეს თ.ბ-ს, რასაც შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი. რამდენჯერმე გამოაღო ავტომანქანის კარი და ფიზიკური ძალის დემონსტრირებით ემუქრებოდა მანქანიდან გადაგდებით. ხელს ძლიერად უჭერდა ყელში და ურტყამდა სახეში. შუბლზე მიადო სამსახურებრივი HS-ის მოდელის დამუხტულ მდგომარეობაში მყოფი ცეცხლსასროლი იარაღი – ბრალდებულის ამ ქმედებით თ.ბ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში”, – ვკითხულობთ საქმის მასალებში.
როგორც ბრალდებული პოლიციელის მამა ამბობს, ნ.ნ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროში 10 წელი იმუშავა.დაკავებამდე ის კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი იყო. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს ხმა არ ამოუღია. მისი ადვოკატი კი, ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ძალადობაში მხილებული პოლიციელი, თავად იყო შანტაჟის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან, თუმცა საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს დაკავებულის წინააღმდეგ.
„ფიზიკური დაზიანებების შესახებ მიუთითებენ მოწმეები – დაზარალებულის დედა, და და არასრულწლოვანი შვილი, ერთ შემთხვევაში ნახეს თუ როგორ მოსდიოდა იმ დაზიანებიდან სისხლი, რა სიმძიმის დაზიანება იყო – სიწითლე, ნაკაწრი და ა.შ დეტალურად აღწერენ”, – ამბობს პროკურორი.
შსს-ს თანამშრომელი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მეუღლის ჩვენების საფუძველზე დააკავა. მას სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.