ციხის სკანდალი, რასაც პატიმრის მიერ ციხის ზედამხედველების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადება უძღოდა წინ, კიდევ უფრო გამწვავდა იმ განცხადებების ფონზე, რომ აღნიშნული პატიმრის მხარდაჭერის გამო სხვა პატიმრებიც დაისაჯნენ.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც 36 წლის პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ავთანდილ დავითაძის შვილია, განაცხადა, რომ დეესკალაციის საკანში შემოწმებისას ზედამხედველებმა იგი თითით გააუპატიურეს.
მართალია ხელისუფლებამ ბრალდებები უარყო და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად შემოწმების ამსახველი უხმო ვიდეომასალა გამოაქვეყნა, ჩანაწერმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა და უფრო საფუძვლიანი გამოძიებისა და ჩანაწერების დამატებითი შესწავლის მოთხოვნა განაპირობა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ზედამხედველები პატიმარს საწოლზე; არის მომენტები, როდესაც მათი განლაგების გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა პროცედურები უტარდებოდა პატიმარს. ჩანს, რომ სულ მცირე ერთ ზედამხედველს, რომელიც პატიმრის მარცხნივ დგას, ხელზე რეზინის ხელთათმანი უკეთია.
დავითაძის ბრალდებებს 4 ოქტომბერს გვიან ღამით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მოყვა, რომლის თანახმადაც, დავითაძემ ზედამხედველის თანდასწრებით „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“. უწყების ინფორმაციით, მას შესთავაზეს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს, აღნიშნა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
მოგვიანებით, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა დავითაძის სიტყვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.
პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამი პატიმარი პროტესტის გამო დაისაჯა. უწყების განცხადებით, „მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.
უწყებამ განმარტა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს „მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს“ და რომ „თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება“.
ამავდროულად, ანა აკოპოვამ, რომელიც კიდევ ერთი პატიმრის, ლაშა ჩაჩანიძის ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ ჩაჩანიძესა და ოთხ სხვა პატიმარს ბადრაგები ფიზიკურად გაუსწორდნენ მას შემდეგ, რაც მათ დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები