გახარიას პარტია 15 იანვარს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას უწოდებს „კოორდინირებულ, ჯგუფურ, სასტიკ თავდასხმას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული“.
პარტია ითხოვს „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ორკესტრირებული ამ ძალადობრივი თავდასხმის დაუყოვნებლივ და სიღრმისეულ გამოძიებას და ითხოვს ყველა დამნაშავის სრულ პასუხისგებას“.
„ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის უხეში მცდელობა, დააშინონ ოპოზიცია და ჩაახშონ პროტესტი. ასეთი ქმედებები ვერასოდეს გააჩუმებს იმ ხმებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.
გახარიამ ქართულ ენაზეც მიმართა საზოგადოებას ფეისბუკზე.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით“, - დაწერა მან.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, წუხანდელი ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
თვითმხილველების თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
გახარია X-ზე წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. 14 იანვარს იგი ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჟურნალისტის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერის, ზვიად ქორიძის მონათხრობის თანახმად, გახარიაზე თავდასხმამდე იგივე პირები მას დაესხნენ თავს იმავე სასტუმროში.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მანამდე კი შსს-ს ხელმძღვანელობდა.
ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2021 წელს გახარიამ დააფუძნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ოფიციალური შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად.
ყველა მათგანი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს. ამავე აზრზეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები 49-ე დღეა, გრძელდება.